საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

შეხვედრა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ამოსაბეჭდი ვერსია

2016-08-29

3

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უახლოეს დღეებში ოფიციალური ვიზიტით ბაქოს ეწვევა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამედიაროვის შეხვედრაზე აღინიშნა.

მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველო-აზერბაიჯანის პოლიტიკურ, კულტურულ, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

გიორგი კვირიკაშვილმა და ელმარ მამედიაროვმა ისაუბრეს იმ მსხვილმასშტაბიან, რეგიონული მნიშვნელობის მქონე ენერგეტიკულ პროექტებზე, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ და ხაზი გაუსვეს მათ მნიშვნელობას ეკონომიკური განვითარებისა და ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით.

შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი წარმოადგენენ სატრანსპორტო კომუნიკაციების საკვანძო რგოლებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის დიდ პოტენციალზე.


აღინიშნა საქართველოში ტურიზმის დადებითი დინამიკა, მათ შორის აზერბაიჯანელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდის კუთხით.

საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხელ ჯანელიძე დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური