საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარესთან ამოსაბეჭდი ვერსია

2016-09-06

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს, კრისტა მარკვალდერს შეხვდა, რომელიც, ოფიციალური ვიზიტით, თბილისში იმყოფება.

საუბარი სხვადასხვა სფეროში საქართველო-შვეიცარიის თანამშრომლობას შეეხო. ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს, ასევე, საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების მნიშვნელობას, რომელსაც შვეიცარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტისას მოეწერა ხელი.

მხარეებმა ისაუბრეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინვესტიციების ზრდის პერსპექტივაზე.

პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა შვეიცარიის დახმარების როლი, საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარების მიმართულებით და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერა, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების პროცესში.

მთავრობის მეთაურმა შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს ასევე მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც ეკონომიკის სწრაფ განვითარებას, განათლებისა და მმართველობის სისტემის რეფორმირებას და ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას გულისხმობს.

შეხვედრას შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ლუკას ბეგლინგერი, შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს წევრი, ევროკავშირისა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის საპარლამენტო დელეგაციის პრეზიდენტი ტომას აესკი, შვეიცარიის პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი კლაუდიო ფიშერი, ხოლო საქართველოს მხრიდან - პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიაში, ირაკლი ყურაშვილი დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური