საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი სადისკუსიო სესიაზე ამოსაბეჭდი ვერსია

2016-09-06

საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლას ჩვენ ვუყურებთ, როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების კიდევ ერთ კონკრეტულ შედეგს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო კონფერენციაზე - „ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ" განაცხადა.

კონფერენციის ფარგლებში გამართულ სადისკუსიო სესიას "მაკეინის ინსტიტუტის" დირექტორი დევიდ კრამერი უძღვებოდა. ამერიკელი ანალიტიკოსი დაინტერესდა, თუ როგორ აფასებს საქართველოს მთავრობის მეთაური ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესში მიღწეულ პროგრესს.

გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება საპარლამენტო არჩევნებამდე მოხდეს, რაც მისი თქმით, გააძლიერებს პროდასავლურ სულისკვეთებას მოსახლეობაში და ევროპის მოწინააღმდეგე ძალებს არ მისცემს რიტორიკის წარმართვის შესაძლებლობას.

„ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ უკიდურესად მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეთათვის ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღება, რაც დაემატება და შეავსებს ჩვენს შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ. დღეს მცირე მეწარმეებისთვის არც თუ ისე იოლია ევროპაში მოგზაურობა, რის გამოც შეფერხებულია მათი საქმიანობა. ასე რომ, უვიზო მიმოსვლას საქართველოს მოქალაქეთათვის ჩვენ ვუყურებთ, როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების კიდევ ერთ კონკრეტულ შედეგს. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველომ შეასრულა ყველა აუცილებელი პირობა და მოთხოვნა და ჩვენ ვიმსახურებთ უვიზო მიმოსვლას. გამოვთქვამ დიდ იმედს, რომ საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაცია ძალაში შევა იმაზე ადრე, ვიდრე ამას კომისარი ჰანი ვარაუდობს. დიდ მადლობას მოვახსენებ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტს, რომელმაც გუშინ „მწვანე" აუნთო საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შემდგომ დისკუსიებს. გამოვთქვამ იმედს, რომ უვიზო მიმოსვლის შემოღება შესაძლებელი იქნება უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის სრულად შემოღებამდე. მეორე მხრივ, ეს არის შემდგომი დისკუსიის თემა. საქართველოში პროდასავლური სულისკვეთების გასაღვივებლად უკიდურესად მნიშვნელოვანია შედეგების მიღწევა 8 ოქტომბრის არჩევნებამდე, მენდეთ, ამას არ ვამბობ ჩემი პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია პროდასავლური განწყობის ასამაღლებლად და ანტიევროპული ძალების მიერ თავიანთ კამპანიაში ამ დროებითი შეფერხების ბოროტად გამოყენების პრევენციისთვის," - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და მთლიანად რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. მისი თქმით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც დაინტერესებულია რეგიონის სტაბილური და დემოკრატიული განვითარებით. გიორგი კვირიკაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ რუსეთი დიდ გავლენას ახდენს ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობებზე.
"რუსეთი დიდ გავლენას ახდენს ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობებზე. რამდენიმე თვის წინ საოკუპაციო ხაზზე ქართველი მოკლეს. კამერამ გადაიღო მკვლელი და ეს ადამიანი ჯერ კიდევ თავისუფალია. რასაკვირველია, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პროცესი უარყოფით ზეგავლენას ახდენს მთავრობის იმიჯზე, მმართველი პარტიის იმიჯზე. ყოველდღიურად აკავებენ ეთნიკურ ქართველებს საოკუპაციო ხაზის მახლობლად მისი გადაკვეთის გარეშეც კი, როდესაც ისინი საქონელს მწყემსავენ, შეშას აგროვებენ. რამდენიმე დღით ციხეში ჰყავთ გამოკეტილი, დაკავებული და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ხელს უშლის საქართველოს სტაბილურობას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება და გრძელვადიანი გამოსავლის ძიება, რაც სრულიად გამორიცხავს კომპრომისს სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით, როდესაც საქმე ეხება ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

„როდესაც ვამბობთ „სუვერენიტეტს", ჩვენ ვგულისხმობთ ქართველი ხალხის, ქართველი ერის სუვერენულ გადაწყვეტილებას დასავლურ გზასთან დაკავშირებით. დაუშვებელია ამ გადაწყვეტილების შეცვლა, რადგანაც ის ასახავს ქართველი ხალხის ნებას, გამოხატულს არაერთხელ სხვადასხვა გამოკითხვისა თუ კვლევის ფარგლებში. მიუხედავად ამისა, ჩვენი სურვილია, რუსეთის გზავნილის მიწოდება იმის შესახებ, რომ ჩვენ არ უნდა ჩავერთოთ კიდევ ერთ კონფლიქტში და ჩვენ თავი უნდა ავარიდოთ ჩვენს ურთიერთობებში შემდგომ გართულებას, განსაკუთრებით სამხედრო ხასიათის გართულებას, რასაც სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. რასაკვირველია, ურთიერთობები ტურიზმისა და ვაჭრობის სფეროებში შეიძლება განვიხილოთ, როგორც ამ ურთიერთობებში დაძაბულობის შემსუბუქების ინსტრუმენტები, რათა შეიქმნას საფუძველი პრობლემების გრძელვადიან ჭრილში გადაჭრისთვის, რასაკვირველია, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობით," - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების თემაზე, ისაუბრა რეგიონული მნიშვნელობის ენერგოპროექტებზე და ხაზი გაუსვა ენერგოსექტორში აზერბაიჯანთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო მდიდარია ენერგორესურსებით და მას შეუძლია მიაღწიოს სტაბილურ ენერგეტიკულ ბალანსს. მანვე სპეკულაციური უწოდა „გაზპრომთან" დაკავშირებით გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს.

"ჩვენ გავაგრძელებთ აზერბაიჯანთან ენერგოსექტორში ურთიერთობას. არ არსებობს სპეკულირების საფუძველი „გაზპრომთან" ურთიერთობის დამყარების შესახებ, რადგან გვაქვს კარგი ურთიერთობები „სოკართან". ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ ურთიერთობები შევინარჩუნოთ, რადგანაც ჩვენ, როგორც წარსულში ვნახეთ, „გაზპრომის" გაზი ბევრჯერ იქნა გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე შეაფასა საქართველოში არსებული მედიაგარემო და უპასუხა შეკითხვას ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს, რათა უზრუნველყოს თავისუფალი მედიასივრცე და არ მოხდეს მედიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი მედიასივრცე იქნას უზრუნველყოფილი. ყველას შეუძლია შეამჩნიოს განსხვავება მედიაგარემოში, რაც იყო წლების წინ და ახლა. გასულ წელს ჩვენ გადავედით ციფრულ მაუწყებლობაზე და მოქმედი კანონმდებლობით დღეს 10 დღე სჭირდება ახალი არხის გახსნას. „რუსთავი 2" საქმეს რაც შეეხება, მას გააჩნია ორი განზომილება. პირველი - მფლობელობის და ჩვენ ვერ ჩავერევით სასამართლოს საქმიანობაში და მეორე განზომილება არის მედიის თავისუფლება. მე ძალიან ბევრი მხარდამჭერი განცხადება გავაკეთე ამ არხის მიმართ, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრად ყოფნის დროს. შევთავაზეთ ასევე მედიასაბჭოს შექმნა. თუ ვინმეს აინტერესებს „რუსთავი 2"-ის შენარჩუნება ისე როგორც ის არის დღეს, ეს არის პირველ რიგში მთავრობა", - აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ისაუბრა მომავალი 4 წლის სამოქმედო გეგმაზე. მისი თქმით, სამთავრობო რეფორმების გეგმა ითვალისწინებს ქვეყნის სწრაფ განვითარებას ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა: ეკონომიკური რეფორმები, განათლების სისტემის რეფორმირება, მმართველობის ფუნდამენტური ცვლილება, ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარება.

რემიერ-მინისტრის პრესსამსახური