საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატო-ს გენერალური მდივნის ერთობლივი პრესკონფერენცია ამოსაბეჭდი ვერსია

2016-09-07

ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მივესალმები ნატო-ს გენერალურ მდივანს, ბატონ სტოლტენბერგს საქართველოში.

დღეს დაიწყო ჩრდილოატლანტიკური საბჭოს რიგით მეოთხე ვიზიტი საქართველოში. ეს ვიზიტი ალიანსის საქართველოსადმი პოლიტიკური მხარდაჭერის და პრაქტიკული თანამშრომლობის დინამიკური განვითარების მნიშვნელოვანი გზავნილი გახლავთ. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას და ალიანსში გაწევრიანების კურსს. მადლობა მინდა მოვახსენო ალიანსს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა, რეფორმების და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე და თანამიმდევრული მხარდაჭერისთვის.

მქონდა ძალზე ნაყოფიერი ორმხრივი შეხვედრა გენერალურ მდივანთან. მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა გამეცნო გენერალური მდივნისთვის საქართველოში მიმდინარე პროცესები, დემოკრატიული რეფორმები, საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება და განგვეხილა ნატო-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები; მათ შორის, კონკრეტული ნაბიჯები ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიმართულებით. აღნიშნული თემების განხილვა გაგრძელდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრების მონაწილეობით ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის ფარგლებში. კომისიის შეხვედრაც, მსგავსად ჩვენი ორმხრივი შეხვედრისა, პროდუქტიული და ინფორმატიული გახლდათ.
ძალიან მოხარული ვართ, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრების მხრიდან ერთხმად იქნა აღიარებული საქართველოს პროგრესი დემოკრატიზაციის, ეკონომიკური განვითარებისა და სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში რეფორმების განვითარების მიმართულებით.

მოგეხსენებათ, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში უკანასკნელი ვიზიტის შემდგომ საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდა და ახალ დონეზე ავიდა. როგორც 2014 წლის უელსის, ასევე 2016 წლის ვარშავის სამიტებზე საქართველოსთან მიმართებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. დღეს ალიანსის წევრობის კანდიდატი - საქართველო - ალიანსის მიერ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი და საიმედო პარტნიორი. ჩვენი ქვეყანა გაძლიერებული შესაძლებლობების ჯგუფის წევრია.

ამასთან, აღიარებულია, რომ საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომლის განხორციელებაც გეგმიურად მიმდინარეობს და რომელიც ეხმარება ჩვენს ქვეყანას თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში და ნატოსთან თავსებადობის კიდევ უფრო ამაღლებაში. საქართველო მაქსიმალურად ეფექტიანად იყენებს ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც გვაახლოებს ნატოში გაწევრიანების მიზანთან. აქტიურად მიმდინარეობს თავდაცვის სფეროში სხვადასხვა პროექტებზე მუშაობა, რაც ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციასა და ბრძოლისუნარიანობის გაზრდას ემსახურება.

ჩვენი ოფიცრები და ჯარისკაცები, ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მხარდამხარ იბრძვიან საერთო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ საქართველო დღეს აღიარებულია, როგორც ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ქმედითუნარიანი პარტნიორი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის წინაშე და ვამაყობ, რომ ასეთი თავდადებული გმირები ჰყავს საქართველოს.

ერთ თვეში საქართველოში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. მთავრობა მოწადინებულია, არჩევნები საერთაშორისოდ აღიარებული დემოკრატიული ნორმების და სტანდარტების თანახმად ჩაატაროს; მთავრობის ძალისხმევა მიმართულია მაქსიმალურად პლურალისტული, ღია და თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაზე, სადაც მრავალ პოლიტიკურ სუბიექტს თანაბარი შესაძლებლობა აქვს, საკუთარი პროგრამა და გზავნილი მიაწოდოს ამომრჩეველს.
2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი ქვეყანა. ჩვენი ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რომ საქართველოს მოქალაქეების არჩევანი - საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი, რეალობად ვაქციოთ.
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მიმდინარე ვიზიტი, მნიშვნელოვანია სწორედ იმითაც, რომ საბჭოს წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, ადგილზე შეაფასონ საქართველოს პროგრესი, შეხვდნენ საქართველოს პოლიტიკური ისტებლიშმენტის, ისევე, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ფართო სპექტრს, გაეცნონ რეფორმების მიმდინარეობასა და შედეგებს და პასუხები მიიღონ არსებულ კითხვებზე, მომავალ გეგმებთან დაკავშირებით.
კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო კმაყოფილება, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრების მხრიდან აღიარებული იქნა საქართველოს პროგრესი და მინდა, დავარწმუნო ჩვენი პარტნიორები, რომ ამ პროგრესის დინამიკა აუცილებლად შენარჩუნდება, საქართველო დაუახლოვდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს და მიაღწევს საბოლოო მიზანს - გახდება ნატოს სრულუფლებიანი წევრი.
დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტის შედეგები აუცილებლად ჰპოვებს ასახვას ნატოს კონკრეტულ გადაწყვეტილებებში. ჩვენ კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებს ამ უმნიშვნელოვანესი სამიტის საქართველოში ჩატარებისთვის.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი:

პრემიერ-მინისტრო, მადლობას მოგახსენებთ თბილისში პირადად ჩემი და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სრული შემადგენლობის მასპინძლობისთვის. ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ დღეს და ხვალ ჩვენი პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარებას. ვთვლი, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი, რომელშიც წარმოდგენილია 28 მოკავშირე და მონტენეგრო, რომელიც ნატოში გაწევრიანების პროცესშია, არის ნატოსა და საქართველოს შორის არსებული ერთგულებისა და მტკიცე პარტნიორობისა დემონსტრირება.
როგორც უკვე აღინიშნა, ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი და წარმატებული ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, ასევე სიღრმისეული და პროდუქტიული დისკუსიები საქართველოს წვლილის შესახებ ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში. გარდა ამისა, განვიხილეთ თქვენთან მიმდინარე რეფორმების პროცესი, ამ მხრივ მიღწეული პროგრესი და რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მდგომარეობა.
ნატოსა და საქართველოს აქვთ განსაკუთრებული ურთიერთსასრგებლო ურთიერთობა და მჭიდრო პარტნიორობა, რომელიც სულ უფრო მტკიცე ხდება. ნატო დიდ მადლობას მოახსენებს ქართველ მებრძოლებს, რომლებიც მსახურობენ ავღანეთში, ნატოს რეაგირების ძალებში და ჩვენს ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია ხმელთაშუა ზღვისპირეთში ტერორიზმის აღკვეთისკენ. საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო ჩვენი საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში წვლილის შეტანის კვალდაკვალ, საქართველოში ასევე ხორციელდება თავდაცვის სფეროს ამბიციური რეფორმები.
თქვენ აგრძელებთ ქვეყანაში დემოკრატიისა და სამოქალაქო ინსტიტუტების გაძლიერებას, რაც გეხმარებათ ნატოსთან საქართველოს დაახლოების საქმეში. რეფორმების გზაზე თქვენ მარტო არ ხართ.
საქართველოს აქვს ნატოში გაწევრებისთვის ყველა აუცილებელი ინსტრუმენტი: ნატო-საქართველოს კომისია, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელსაც უკვე მოაქვს შედეგები, ასევე ერთობლივი წვრთნების ცენტრი, რომელიც ჩვენ გასულ წელს გავხსენით და რომელიც დღეს სრულფასოვნად ფუნქციონირებს. ეს ცენტრი აუმჯობესებს ქართველ მებრძოლთა თანამედროვე საბრძოლო და ურთიერთშეთანხმებული ქმედების უნარებს, ხოლო თბილისში მომუშავე მოკავშირეთა ექსპერტები უზრუნველყოფენ შესაბამისი რეფორმების განხორციელების მხარდაჭერას.
ეს ინსტრუმენტები მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ისინი ასევე მნიშვნელოვანი ნატოსთვის, და მე მივესალმები იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენ ერთად მივაღწიეთ ყველა სფეროში.
ეს ინსტრუმენტები არსებითია საქართველოსთვის, როგორც ნატოში გაწევრების მსურველი ქვეყნისთვის.
ივლისში ვარშავის სამიტზე ნატოს ლიდერები მიესალმნენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. ჩვენ გვჯერა, რომ ეს პროგრესი მომავალშიც გაგრძელდება, საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმების ჩათვლით. საქართველოში სტაბილური პროგრესის გათვალისწინებით, ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ მოახლოებული არჩევნების ჩატარებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად.
ეს კი მნიშვნელოვანია ნატოსთვის, რადგანაც ნატო არის საზოგადოება, რომელიც ეფუძნება ღირებულებებს - დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის ჩათვლით. თუმცა, რეფორმები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეთათვის, თქვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის.
ასე რომ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ვარშავაში ნატოს ლიდერებმა გამოხატეს საქართველოს მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა. დღეს კი ჩრდილოატლანტიკური საბჭო ვიზიტით ეწვია თბილისს, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს ჩვენი ერთგულება თქვენი სახელმწიფოსადმი.
ჩვენ მომავალშიც გვექნება საქართველოს იმედი და ჩვენ მომავალშიც დაგიჭერთ მხარს.
დიდი მადლობა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სრული შემადგენლობის მასპინძლობისთვის.

კითხვა-პასუხი

ტელეკომპანია „იმედი" - ბატონო გენერალურო მდივანო, ბუქარესტის სამიტზე აღინიშნა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ალიანსის მხრიდან შეფასებულია, როგორც საიმედო პარტნიორი. თუ შეგიძლიათ, დაგვისახელოთ ვადა, რომელიც თქვენ მიგაჩნიათ გონივრულად, როდის შეიძლება გახდეს საქართველო ნატოს წევრი ან მიიღოს მიწვევა ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით?

იენს სტოლტენბერგი - ვარშავაში ნატოს სამიტზე ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანდება, მაგრამ ამისთვის, საქართველომ უნდა უპასუხოს ნატოს წევრობის სტანდარტებსა და მოთხოვნებს. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ ჩვენ საქართველოსთან ერთად იმ რეფორმების გატარებაზე, რომლებიც დაეხმარება ქვეყანას ნატოსთან დაახლოებაში.
ზუსტ თარიღებს ვერ დაგისახელებთ, რადგანაც ეს დამოკიდებულია დამსახურებაზე, მიღწეულ შედეგებზე და პროგრესზე საქართველოში. მეორეს მხრივ, უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოში სახეზეა მნიშვნელოვანი პროგრესი ისევე, როგორც აქტიური რეფორმები, ინსტიტუციური და საარჩევნო რეფორმების ჩათვლით, ასევე პროგრესი პრესის თავისუფლების მხრივ, და, რასაკვირველია, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროთა რეფორმა.
ეს კი მნიშვნელოვანია საქართველოს ძალისხმევისთვის, რომელიც მიმართულია ნატოს წევრობისკენ, თუმცა ის თავისთავადაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ამ პროცესის წყალობით საქართველოში იზრდება უსაფრთხოების ხარისხი, ქვეყანა ძლიერდება, მტკიცდება მისი დემოკრატია და იქმნება, შეძლებისდაგვარად, საუკეთესო ბაზა კეთილდღეობისა და ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად.
ასე რომ, ჩემი აზრით, უნდა გვახსოვდეს, რომ რეფორმები მნიშვნელოვანია, რადგანაც ისინი აახლოებს საქართველოს ნატოსთან, მაგრამ ისინი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ნატოსგან დამოუკიდებლად.
თქვენ მიაღწიეთ პროგრესს. ჩვენ თქვენ მხარს გიჭერთ. ჩვენ მივიღეთ არსებითი პაკეტი და გავაფართოეთ კიდეც ის. ჩვენ ვასრულებთ ჩვენს დაპირებებს. ჩვენ გვყავს მრჩევლები საქართველოში; დავაარსეთ წვრთნების ცენტრი; გავხსენით ახალი სკოლა, რომლის მიზანიცაა თავდაცვის სფეროს ინსტიტუციური გაძლიერება. ჩვენ დაუღალავად ვაცხადებთ საქართველოსადმი ჩვენი მხარდაჭერის შესახებ, თუნდაც, დღეს საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფორმით.
კონკრეტულ თარიღებს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ კიდევ ერთხელ შემიძლია დავადასტურო თქვენ მიერ მიღწეული პროგრესი და ვაღიარო ის. მე ძალიან ვაფასებ მჭიდრო პარტნიორობას საქართველოსა და ნატოს შორის.

ტელეკომპანია „იმედი" - ბატონო პრემიერო, თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ საქართველო ევროატლანტიკური კურსის ერთგულია. მაინტერესებს თქვენი შეფასება, რამდენად მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო დღეს ქვეყანამ ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტისგან?

გიორგი კვირიკაშვილი - მინდა, ხაზი გავუსვა ფაქტს, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ, ეს არის ნატო-სა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოსთვის პირველი საერთაშორისო სამიტი და იმას, რომ ის საქართველოში იმართება, უდიდესი პოლიტიკური დატვირთვა აქვს, საქართველოს მხარდაჭერის თვალსაზრისით. ყველა წევრის მხრიდან კიდევ ერთხელ ხაზგასმული იქნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა, ასევე განსაკუთრებით გაესვა ხაზი საქართველოს ხალხის მიერ სუვერენული გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობას - იყოს ევროატლანტიკური ოჯახის წევრი, რაც შეუქცევადია. ყველა ქვეყანამ გამოხატა დიდი მხარდაჭერა საქართველოს ამ მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევის კუთხით. ასევე, საუბარი იყო ძირითადი პაკეტის განხორციელების სხვადასხვა ასპექტზე. თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება იქნება უმთავრესი პრიორიტეტი და დიდი აქცენტი გაკეთდება ამ მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ მთელი წინა პერიოდის ერთობლივი წვრთნებისას, მეტი აქცენტი იყო გადატანილი საქართველოს სამხედროების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისთვის წვრთნაზე და ვინაიდან, სამხედრო თვალსაზრისით, ნატოს სამხედრო ძალებთან ჩვენი თავსებადობა უკვე ძალიან კარგია, ამიტომ აქცენტი მეტად იქნება გადატანილი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე და დამატებითი კომპონენტები, რომლებიც იქნება შემოტანილი ამ ურთიერთობაში, ამ მხრივ იქნება მიმართული. მინდა, ასევე მივესალმო გენერალური მდივნის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ეს ყველაფერი - სამხედრო რეფორმა, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება, ქვეყნის დემოკრატიზაცია და ეკონომიკური განვითარება და ნატოს სტანდარტებთან დაახლოება, უპირველეს ყოვლისა, არის საქართველოს მოქალაქეებისთვის, იმისთვის, რომ საქართველოში ცხოვრების პირობები გაუმჯობესდეს, იყოს მეტი უსაფრთხოება და იყოს უკეთესი პირობები ქვეყნის ზოგადი განვითარებისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ არაერთი ქვეყანა, რომელიც დღეს სამიტს ესწრება, ორმხრივ ფორმატებში, სხვადასხვა სახის დახმარებას უწევს საქართველოს და სწორედ ამ დახმარების ორმხრივ პაკეტებზეც იყო საუბარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგში საქართველოს ჩართვა, რაც კიდევ უფრო მეტად გვაახლოებს ამ ოჯახთან და მეტი შესაძლებლობების მომტანია საქართველოსთვის ამ მიმართულებით.

სააგენტო „როიტერი" - ბატონო სტოლტენბერგ, ჩემი კითხვა ძალიან მოკლე და მარტივია. თქვენი აზრით, რა როლს ასრულებს რუსეთი ნატოში საქართველოს გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. როგორც ცნობილია, რუსეთი ეწინააღმდეგება ნატოს გაფართოებას, განსაკუთრებით სამხრეთით, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. მადლობელი ვიქნები, თუ პრემიერ-მინისტრიც გააკეთებს კომენტარს და გვიპასუხებს, თვლის თუ არა საქართველოს მთავრობა, რომ რუსეთის ფაქტორი რაიმე როლს ასრულებს ნატოში საქართველოს სამომავლო გაწევრიანების პროცესში.

იენს სტოლტენბერგი - ნატოსთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს პრინციპს, რომლის მიხედვითაც ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს თავისი გზა, თავად მიიღოს გადაწყვეტილება, უსაფრთხოების რომელ გაერთიანებასა თუ ალიანსში უნდა მას გაწევრიანება. ეს არ არის მხოლოდ ნატოს მიერ აღიარებული პრინციპი. ამ პრინციპს აღიარებენ რუსეთიც და ყველა ევროპული სახელმწიფო, რაც მათ არაერთხელ დაადასტურეს, დაწყებული 1970-იან წლებში ჰელსინკის დასკვნითი აქტით და დამთავრებული შემდგომ გაფორმებული არაერთი საერთაშორისო შეთანხმებით.
ასე რომ, ყველა სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს, აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, სურს თუ არა მას ამა თუ იმ ალიანსში გაწევრიანება. ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. ასე რომ, გახდება თუ არა საქართველო ნატოს წევრი, ეს ნატოს - 28 მოკავშირის და საქართველოს გადასაწყვეტია. არავის აქვს ამ პროცესში ჩარევის თუ ვეტოს დადების უფლება, რასაც ნატომ არაერთხელ გაუსვა ხაზი. ნატოს კარი დღესაც ღიაა, რაც ჩვენ არაერთხელ დავადასტურეთ, მიუხედავად რუსეთის მხრიდან პროტესტისა და განცხადებებისა, რომ ის ეწინააღმდეგება ნატოს გაფართოებას. მიუხედავად ამისა, ნატო აგრძელებს გაფართოებას. მალე ჩვენს ალიანსს 28 წევრის ნაცვლად ეყოლება 29 წევრი, რადგანაც მონტენეგრო, სადაცაა, გახდება ნატოს 29-ე წევრი ქვეყანა, რაც ცხადყოფს იმას, რომ ნატოს კარი ღიაა და მისი გაფართოება გრძელდება.
ეს კი, რასაკვირველია, საქართველოზეც ვრცელდება. სწორედ ამიტომ მივიღეთ ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება ბუქარესტში. მე თავად ვესწრებოდი ამ სამიტს და სწორედ ამიტომ დავადასტურეთ ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მოგვიანებით, ვარშავის სამიტის ფარგლებში.

გიორგი კვირიკაშვილი - მიმაჩნია, რომ არ იქნება სწორი ვისაუბროთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე რუსეთის გავლენის ჭრილში. ვფიქრობ, ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ, რათა საქართველოს სამხედრო სტანდარტები მიუახლოვოთ ნატო-ს სტანდარტებს. ასევე მიმაჩნია, რომ მოთმინებით უნდა დაველოდოთ და თანმდიმდევრულად უნდა ვიაროთ წინ ნატო-ში გაწევრიანებისკენ. რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ - საქართველოს სამხედრო სისტემისა და დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმა - სწორედ ის არის, რაც ნატო-ში გაწევრიანებისთვის გვჭირდება. თავად ის ფაქტი, რომ მონტენეგრო ესწრებოდა ამ ძალზედ მნიშვნელოვან სამიტს, იმაზე მეტყველებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას ღია კარის პოლიტიკა გააჩნია. ჩვენთვის დიდ სტიმულს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ თანმიმდევრულად უნდა გავაგრძელოთ იმის კეთება, რასაც ახლა ვაკეთებთ. მიგვაჩნია, რომ საქართველოს შესაძლებლობის სარკმელიც გაიღება, თუმცა ამისთვის თანმიმდევრულნი უნდა ვიყოთ ჩვენს ქმედებებში და მოთმინება გვმართებს.

ტელეკომპანია „მაესტრო" - ბატონო გენერალურო მდივანო, ვარშავის სამიტზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ნატო უფრო აქტიურად ჩაერთვება შავი ზღვის სისტემის უსაფრთხოების გაძლიერებაში. რა როლი ექნება ამ მიმართულებით საქართველოს და კონკრეტულად რა ღონისძიებებია დაგეგმილი?

იენს სტოლტენბერგი - შავი ზღვის რეგიონს და თავად შავ ზღვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. ბოლო დროს ჩვენ ვხედავთ რუსეთის გააქტიურებას შავი ზღვის რეგიონში და ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალების მნიშვნელოვან ზრდას.
ნატომ გადაწყვიტა შავი ზღვის რეგიონში გააქტიურება. ჩვენ უკვე გავაქტიურდით ამ რეგიონში, მაგრამ ვგეგმავთ ჩვენი საქმიანობის კიდევ მეტად გაფართოებას შავი ზღვის რეგიონში და თავად შავ ზღვაზე.
როგორც თქვენ უკვე ახსენეთ, ვარშავის სამიტზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შავი ზღვის რეგიონში ჩვენი აქტივობების გაფართოების შესახებ. ამჟამად ვმუშაობთ ჩვენს სამხედრო პარტნიორებთან ერთად, რათა გადავწყვიტოთ, კონკრეტულად როგორ განხორციელდება ეს პროცესი.
გარდა ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ შავი ზღვის ქვეყნების ძალისხმევის მხარდაჭერას, რომელიც მიმართულია რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენ.
ნატოსა და მისი მოკავშირეებისთვის მნიშვნელოვანია მჭიდრო დიალოგი, მჭიდრო კონტაქტი ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა უკრაინა და საქართველო, არაწევრ, მაგრამ პარტნიორ ქვეყნებთან, რათა მათთან ერთად განვიხილოთ ჩვენი მზარდი საქმიანობა შავ ზღვაზე.
ტელეკომპანია „მაესტრო" - ბატონო პრემიერ-მინისტრო, ერთ თვეში გაიმართება საპარლამენტო არჩევნები და ეს არჩევნები დასავლელი პარტნიორების მხრიდან არაერთხელ შეფასდა, როგორც დემოკრატიის მორიგი ტესტი. თქვენ, როგორც მმართველი გუნდის ლიდერს, რა განწყობა გაქვთ ამ არჩევნებთან დაკავშირებით, ფიქრობთ თუ არა, რომ წარმატებული შედეგი იქნება და თუ დიახ, რა გაძლევთ ამის თქმის შესაძლებლობას?

გიორგი კვირიკაშვილი - 8 ოქტომბრის არჩევნები მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შევძლებთ, შევინარჩუნოთ ის სტანდარტი, რომელიც იქნა ნაჩვენები საპრეზიდენტო და ადგილობრივ არჩევნებზე, თუმცა, ამ არჩევნების მნიშვნელობა, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, გაცილებით უფრო მაღალია. შესაბამისად, ფსონებიც მაღალია. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ეკისრება ამ შემთხვევაში მთავრობას და მმართველ პარტიას, არჩევნების დემოკრატიულობასა და გამჭვირვალობაზე. ჩვენ უკვე ძალიან დიდი ძალისხმევა გვაქვს გაწეული იმისათვის, რომ ეს არჩევნები იყოს ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოს უახლეს ისტორიაში. ჩვენ მოვიწვიეთ საერთაშორისო დამკვირვებლები, უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით, რათა მთელ წინასაარჩევნო პროცესს დააკვირდნენ. ასევე, აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა ოთხი თვით ადრე გამოსცა არჩევნების დანიშვნის განკარგულება, რაც კონსულტაციების შედეგი იყო და მთავრობამ მისი კონტრასიგნება განახორციელა. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში, წინასაარჩევნო პერიოდის ხანგრძლივობის კუთხითაც, სტანდარტი უფრო მაღალია. წინასაარჩევნოდ, გატარდა სპეციალური საკანონმდებლო ცვლილებები, რათა კიდევ უფრო გაგვემკაცრებინა სისხლის სამართლის კოდექსი ფიზიკურ შეხლა-შემოხლასა და შეურაცხყოფაზე.  ჩვენ ვართ მთავრობა, რომელიც აცნობიერებს, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა ამ პროცესში ყველაზე მაღალია. სწორედ ამაზე მეტყველებს ისიც, რომ საქართველოში არის უპრეცედენტოდ თავისუფალი მედიასივრცე, რომელიც ნამდვილად არ ყოფილა წინა საპარლამენტო არჩევნების დროს. აღარ ჩავუღრმავდები იმას, რა იყო და რა არის. ამას აღიარებს ყველა საერთაშორისო მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაცია. ვფიქრობ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გვაქვს ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ გვქონდეს ერთ-ერთი საუკეთესო არჩევნები.

რა პროგნოზები მაქვს მე, რა თქმა უნდა, მე მაქვს პროგნოზი იმისა, რომ ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ მოახდინა მნიშვნელოვანი გარდატეხა საქართველოს პოლიტიკურ სინამდვილეში, დაამკვიდრა გაცილებით მაღალი პოლიტიკური სტანდარტი, როდესაც აღარ არის მედიაზე ზეწოლა, ბიზნესზე ზეწოლა, თავისუფლების დაცვის ინდექსი გაცილებით უფრო მაღალი - გაორმაგებულია და ეს აღიარებულია ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხალხი ამას აფასებს და მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებას. ჩვენ ველოდებით ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური