საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

გიორგი კვირიკაშვილმა ტალებ რიფაის სამუშაო სადილზე უმასპინძლა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-09-09

გიორგი კვირიკაშვილმა ტალებ რიფაის ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენციის ჩატარების ადგილად საქართველოს შერჩევისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერის შეფასებით, ეს, საქართველოს, როგორც მეღვინეობის აკვნის საერთაშორისო იმიჯის განმტკიცების კუთხით, უდიდესი მოვლენაა.
მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ საქართველოში ღვინის დაყენების უნიკალური ტრადიციული მეთოდები, მათ შორის ქვევრში დაყენება, იუნესკოს მიერ, კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი მიიჩნევს, რომ საქართველოში - ღვინის უძველეს სამშობლოში, რომელსაც მეღვინეობის 8 000-წლიანი ტრადიცია აქვს, ღვინის ტურიზმის განვითარების უდიდესი პოტენციალი არსებობს.
მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ კონფერენციის სტუმრები საქართველოში სასიამოვნო დროს გაატარებენ და თავიანთ ქვეყნებში საუკეთესო შთაბეჭდილებებით დაბრუნდებიან.
ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენცია, რომელშიც 42 ქვეყნის 250 დელეგატი და 150-ზე მეტი ორგანიზაცია მონაწილეობს, დღეს სრულდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური