საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის კომენტარი ამოსაბეჭდი ვერსია

2016-09-13

საქართველომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები უპრეცედენტოდ მოკლე დროში, 7 თვეში წარმატებით დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ პროდუქციას გაეხსნება მსოფლიოში ყველაზე დიდი - 1,4 მილიარდი მომხმარებლის ბაზარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, აღნიშნული შეთანხმება ისტორიული მნიშვნელობისაა.

"გარდამავალი პერიოდის გარეშე, ქართული ღვინო იქნება დაშვებული ჩინურ ბაზარზე, ყოველგვარი საბაჟო გადასახადის გარეშე. წელს ჩვენ ველოდებოდით 2,5 მილიონი ბოთლის გაყიდვას ჩინურ ბაზარზე და უკვე 8 თვის მონაცემებით, 3,5 მილიონი ბოთლია გაყიდული. ჩვენ ვავითარებთ ქართული ღვინის მაღაზიების ქსელს ჩინეთში და ვფიქრობთ, რომ ჩინეთი გახდება ქართული ღვინის ექსპორტის დივერსიფიკაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და არა მხოლოდ ღვინის, ბევრი სხვა სასაქონლო დასახელების მიმართულებით. ეს არის უდიდესი მიღწევა და ვფიქრობთ, აბრეშუმის გზის პროექტის განვითარებისთვის ამას ექნება დიდი მნიშვნელობა," - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური