საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი პატიმრობის კოდექსში ცვლილებების პაკეტს თვისობრივ ცვლილებად აფასებს ამოსაბეჭდი ვერსია

2016-09-16

თვისობრივი ცვლილება სასჯელაღსრულების და პრობაციის სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვის დონისა და საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების კუთხით, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პატიმრობის კოდექსსა და მის თანამდევ კანონებში ცვლილებების პაკეტი, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მოამზადა.

მთავრობის მეთაურმა მინისტრ კახა კახიშვილს, ამ მიმართულებით გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, მადლობა გადაუხადა.
ცვლილებების თანახმად, საქართველოში მსჯავრდებულს პირველად მიეცემა უმაღლესი განათლების მიღების უფლება; სრულწლოვანი მსავრდებულებისთვისაც ინერგება არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა; მცირდება დისციპლინური პატიმრობის ვადები; იცვლება უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულთა სასჯელის გადასინჯვის მექანიზმები და შემოდის შემდგომი, შესაძლო გათავისუფლების მექანიზმი და ა.შ.

„ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი, თვისობრივი ცვლილებებია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და სასჯელაღსრულების მინისტრს, ამ ცვლილებების დანერგვის პროცესში, წარმატება უსურვა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური