საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

ბაკურიანში ოლიმპიური სტანდარტების ბიატლონის ტრასის დაპროექტება იწყება ამოსაბეჭდი ვერსია

2016-09-29

ბაკურიანში, ოლიმპიური სტანდარტების მქონე ბიატლონის ტრასის მოსაწყობად, ცნობილ ფრანგულ კომპანია „აბესტთან" (ABEST) ერთად, საპროექტო სამუშაოები იწყება, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პროექტირებისთვის 796 500 ლარი გამოიყოფა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მოთხოვნის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურა ბაკურიანის კურორტს მნიშვნელოვნად დატვირთავს, არა მხოლოდ ზამთრის სეზონზე, არამედ, 12 თვის განმავლობაში, ვინაიდან ბიატლონის მიმართულებით, სავარჯიშოდ, მოთხოვნა მთელი წლის განმავლობაში არსებობს.

„გარდა ამისა, იქ იგეგმება ასევე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც, ვფიქრობთ, 12 თვის განმავლობაში დატვირთავს აღნიშნულ კურორტს. ეს ასევე ძალიან კარგი იქნება მიმდებარე სოფლებისთვის. რა თქმა უნდა, ბორჯომი და ბაკურიანი ერთიან კომპლექსში უნდა განვიხილოთ, ასე, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იქით, რომ ბაკურიანში, ოლიმპიური ინფრასტრუქტურის მთელი კომპლექსის ჩამოყალიბების სრული წრედი იკვრება, რაც ქმნის აბსოლუტურად რეალისტურ წინაპირობას, რომ დაახლოებით ათწლიან პერსპექტივაში საქართველოში ოლიმპიადის ჩატარებაზე ვიფიქროთ. ამაზე ბევრჯერ ყოფილა საუბარი, თუმცა საქართველოს არანაირი მზაობა არ ჰქონდა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ ზამთრის კურორტებისა და ოლიმპიური სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურის მშენებლობა მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ბიატლონის ტრასის, სრულიად ახალი ტრასების, ჰოკეის ახალი დარბაზის, მთელი რიგი საცხოვრებელი თუ გასართობი ინფრასტრუქტურის მშენებლობის გათვალისწინებით, ბორჯომ-ბაკურიანის კომპლექსი ნამდვილად შეიძლება, საერთაშორისო მნიშვნელობის კურორტი გახდეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური