საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

ნატოს გენერალური მდივნის წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამოსაბეჭდი ვერსია

2016-09-29

ძვირფასო გიორგი,
ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და პირადად ჩემი სახელით, მადლობას მოგახსენებთ გასულ კვირას თბილისში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მასპინძლობისთვის, ასევე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მონაწილეობისთვის. მე დიდად ვაფასებ თქვენი მთავრობის წვლილს საბჭოს ვიზიტის ორგანიზებაში, ასევე ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობას - ვიზიტის დროს ჩვენ თავს შინ ვგრძნობდით.

ჩვენი დიალოგი კონსტრუქციული და პრაგმატული აღმოჩნდა. მოკავშირეებზე შთაბეჭდილება მოახდინა რეფორმებთან დაკავშირებით თქვენი მთავრობის მიზანდასახულობამ და ფართო საზოგადოებრივმა კონსენსუსმა საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან მიმართებაში. გარდა ამისა, ჩემთვის ნათელი გახდა საქართველოს დიდი დაინტერესება შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ დისკუსიაში ჩართვასთან დაკავშირებით, თქვენი შეშფოთება რუსული პროპაგანდის აქტიურობის გამო და რწმენა, რომ მოახლოებული არჩევნები ჩატარდება უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად. უფრო ფართო კონტექსტის გათვალისწინებით, ხსენებულმა ვიზიტმა საბჭოს მისცა უნიკალური შესაძლებლობა, პირადად გასცნობოდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების გზაზე დაფიქსირებულ მიღწევებსა და გამოწვევებს.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, საბჭოსა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელ მადლობას მოგახსენებთ საქართველოს მთავრობის სტუმართმოყვარეობისა და ჩვენი ვიზიტის წარმატებით განხორციელებაში მხარდაჭერისთვის.


პატივისცემით,
იენს სტოლტენბერგი