საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

შეხვედრა თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრთან ამოსაბეჭდი ვერსია

2016-10-04

საქართველო საბაჟო სფეროში თურქეთთან თანამშრომლობას აძლიერებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრის ბიულენთ თუფენქჯის შეხვედრაზე აღინიშნა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის მნიშვნელობას, რაც ითვალისწინებს საბაჟო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აღნიშნული დეკლარაცია მნიშვნელოვანია ორმხრივი ვაჭრობის ხელშეწყობისთვის, საერთაშორისო ვაჭრობის პოპულარიზაციისა და რეგიონში უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვის უზრუნველსაყოფად. მისივე თქმით, თითოეული ინფრასტრუქტურული პროექტის ეფექტურობა სწორედ სასაზღვრო-საბაჟო პროცედურების მოქნილობაზეა დამოკიდებულია.

გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ინიციატივით ორივე ქვეყნის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ ორმხრივი ვაჭრობა, შეუმცირდებათ საბაჟო კონტროლის პროცედურები და ისარგებლებენ გამარტივებული პროცედურებით.

მხარეებმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებულ პოტენციალზე. აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია. საუბარი შეეხო საქართველოდან ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური