საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის მიმართვა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-10-04

მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, განსაკუთრებით, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაქსიმალურად შევიკავოთ ემოციები; ქვეყნის ინტერესშია ის, რომ ჩვენ, როგორც აქამდე მოვედით მშვიდობიანად, ისე მივიდეთ არჩევნებამდე, ჩავატაროთ მაქსიმალურად მშვიდობიანი არჩევნები, რომელიც თავისუფალი იქნება ყველანაირი კონფრონტაციისგან, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ჟურნალისტებთან გააკეთა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არჩევნებამდე 3 დღით ადრე, გარკვეულწილად, ემოციებისა და ინციდენტების რაოდენობის მატება შეიმჩნევა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლება, მაქსიმალურად ბევრს მუშაობს სამართალდამცავებთან ერთად, რათა მაქსიმალურად მოახდინოს ასეთი შემთხვევების პრევენცია.

"რეაგირება, ბოლო დღეების ინციდენტებთან მიმართებაში უკვე იყო - რამდენიმე ინციდენტის ნაწილში, ბრალდებულები დაკავებულებიც არიან. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ყველას, მაქსიმალურად შევიკავოთ ნერვები, ემოციები; ბოლო სამი დღის განმავლობაში, მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე და ღირსეულად ჩავატაროთ არჩევნები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ჩვენი ქვეყნის, როგორც დემოკრატიული ქვეყნის განვითარების მიმართულებით და ამას იმსახურებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. ვფიქრობ, იმისთვის, რომ ჩვენ აქამდე მივიდეთ, ძალიან დიდი ბრძოლა გასწია ქვეყნის მოსახლეობამ და მთავრობამაც ბევრი იმუშავა. ამიტომ, კიდევ ერთხელ, მოგიწოდებთ და გთხოვთ, ემოციები დავაცხროთ, ტემპერატურა დავწიოთ, მივიდეთ არჩევნებამდე და მშვიდობიანად ჩავატაროთ არჩევნები", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური