საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერმა ყაზახ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-12-09

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა ყაზახ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს.

"საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთობას ჩვენს სახელმწიფოებს შორის. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენი თანამშრომლობა, რომელიც კეთილსინდისიერებაზე, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთგაგებაზეა აგებული, ყოველწლიურად ძლიერდება. დარწმუნებული ვარ, რომ მეგობრობა და ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორობა, ჩვენი ერების საკეთილდღეოდ, გააძლიერებს ჩვენს შორის არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ კავშირებს. ერთობლივი პროექტები მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების დაახლოებას. ამდენად, უნდა მივიღოთ ყველა ზომა, რათა უზრუნველვყოთ ამ პროექტების ხანგრძლივობა და ორმხრივი სარგებელი," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

ყაზახეთის საელჩოს მიერ გამართულ საზეიმო მიღებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური