საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2016 წლის სხდომები

2016 წლის 15 იანვრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-01-15

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით 15 იანვარს მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული 35 საკითხი განიხილეს. დღის წესრიგი

ქუჩაში მყოფი და მომუშავე ბავშვების უფლებებს სახელმწიფო დაიცავს - მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც ემსახურება ქუჩაში მყოფი და მომუშავე ბავშვების უკეთესად დაცვას. საქართველოს კანონში შემოვა ახალი ცნება - "მიუსაფარი ბავშვი", ამ სტატუსზე კი მიბმული იქნება მთელი რიგი საჯარო სერვისებისა. „დღეს ამგვარი ბავშვები ვერ იღებენ საბუთებს, ვერ ხდება მათი იდენტიფიკაცია თუ საიდან მოდიან, ვინ არიან, რომელი ქვეყნიდან შემოვიდნენ და არიან თუ არა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და აქ დაბადებულნი, იმიტომ რომ მათ იდენტიფიკაციაზე პასუხისმგებელი სრულწლოვანი პირები ჩვენ არ მოგვმართავენ და რეალურად ეს ბავშვები რჩებიან იდენტიფიკაციის პროცესის მიღმა. ამ რეფორმის შედეგად ჩვენ მივცემთ მზრუნველობის ორგანოებს ანუ სახელმწიფოს იუსტიციის სამინისტროსადმი მომართვის უფლებას და ეს საკითხი აღარ იქნება მშობელზე ან სხვა კანონიერ წარმომადგენელზე დამოკიდებული", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
კანონპროექტით ასევე ფართოვდება სოციალური მუშაკის უფლებამოსილება. სოციალურ მუშაკს მიეცემა საშუალება უგულვებელყოფის ან ძალადობის შემთხვევაში უკიდურესი ზომის სახით დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის აგრესორისგან განცალკევების შესახებ.

მთავრობამ ასევე დაამტკიცა „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის" დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი. სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაი" მიზანია ჩაის, როგორც აგრარული კულტურის პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება -  საქართველოში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია და ჩაის წარმოების ხელშეწყობა.  პროგრამის ფარგლებში განხორციელდება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული  ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია ნაწილობრივი თანადაფინანსების პრინციპით. 

მთავრობის დღევანდელმა სხდომამ მხარი დაუჭირა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტებს „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" და „საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ." ცვლილების თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში იქმნება ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრი, სადაც მოხდება ფიზიკური და იურიდიული პირების ეკონომიკურ საქმიანობის შესახებ მონაცემების დარეგისტრირება. მონაცემების რეგისტრაცია გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა ნებაყოფლობითია. რეგისტრაციის ვადაა 1 წელი და შეიძლება გაგრძელდეს დაინტერესებული პირის მოთხოვნით.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური