საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2016 წლის სხდომები

2016 წლის 17 მარტის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-03-17

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 33 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მთავრობამ მოიწონა საპენსიო რეფორმის სამოქმედო გეგმა, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ წარადგინა. მთავრობა კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნაზე მუშაობს, რომელიც  შემუშავებულია მთავრობის, ექსპერტების, საერთაშორისო ორგანიზაციების - მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის,  სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებისა  და სამთავრობო უწყებების მოსაზრებების გათვალისწინებით.

მოხდება არსებული სოციალური საპენსიო სისტემის ინდექსაცია, შეიქმნება ისეთი  მექანიზმი, რომელიც განსაზღვრავს,  ყოველწლიურად რა ოდენობით უნდა გაიზარდოს არსებული სოციალური პენსია. ეს დაიცავს პენსიონერს ინფლაციისგან, რომ მისი მსყიდველობითი დონე არ გაუარესდეს. მნიშვნელოვანია, რომ სოციალური პენსია მატულობდეს მინიმუმ ინფლაციის შესაბამისად.

შემოდის ახალი კომპონენტი - კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემა. ეს რეფორმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პენსიონერთა საპენსიო უზრუნველყოფას.

კერძო დაგროვებითი სისტემის მეშვეობით ადგილობრივ ბაზარზე  შეიქმნება ლარის გრძელვადიანი რესურსი, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკის დედოლარიზაციას და ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებას.

სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო იქმნება, - წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთში მინერალური პროდუქტებისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ხის გადამამუშავებელი ინოვაციური ქარხნის აშენების პროექტების დაფინანსება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი იჯარით გადაცემულ მიწაზე, სწრაფად მზარდი ტყის სანერგე მეურნეობა გაშენდება, რაც 2,5 მილიონი ლარის ინვესტიციას გულისხმობს; ასევე, კომპანია გეგმავს ხის გადამამუშავებელი ინოვაციური ქარხნის აშენებას, რომელიც სპეციალური ტექნოლოგიებით და ეკოლოგიურად სუფთა დანამატებით აწარმოებს ხის გრანულებს.

ასევე, პრაქტიკული საჭიროებიდან გამომდინარე, რომელიც სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობის ნაწილში გამოიკვეთა, ცვლილება შედის სახელმწიფო პროგრამაში - „აწარმოე საქართველოში".

ცვლილება გულისხმობს მინიმალური სესხის ზღვარის დაწევას ნახევარი მილიონი ლარიდან 200 ათას ლარამდე, ხოლო მაქსიმალური ზღვარის აწევას 2 მილიონ ლარამდე.

მთავრობამ ასევე დაამტკიცა განკარგულების პროექტი, რომლის თანახმად,  22-წლიანი დევნილობის შემდეგ დღეს, პირველად თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში, 126 დევნილ ოჯახს უსასყიდლოდ   ბინა საკუთრებაში გადაეცემა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კულტურის სამინისტროს, ტურიზმის წახალისების მიზნით, რესურსები გამოეყოფა. საუბარია  მთელი ქვეყნის მასშტაბით კულტურული ღონისძიებების სერიაზე, რომელიც საქართველოში უმაღლესი კლასის არტისტების ჩამოყვანას, მათი და ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით კულტურული ღონისძიებების დაფინანსებას გულისხმობს.

სოფლის მეურნეობამ დღევანდელ სხდომაზე წარადგინა განკარგულების პროექტი „აგროდაზღვევის" პროგრამის დამტკიცების შესახებ", რომელიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ პირებს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ მოსავლის დაზღვევით და თავიდან აიცილონ ის რისკები, რომლებიც სტიქიურ მოვლენებს მოჰყვება. ამასთან, ქვეყანაში აგროდაზღვევის პროცესის განვითარების ახალი ეტაპი დაიწყება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური