საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2016 წლის სხდომები

2016 წლის 5 მაისის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-05-05

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 35 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დღემდე დაფინანსებულ 164 საწარმოს კიდევ სამი ემატება. ახალი პროექტები მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა. სოფელ მარტყოფში, მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მესაქონლეობის ფერმას კომპანია „მარტყოფის ბაგა" ააშენებს, რისთვისაც 2 509 408 ლარს დახარჯავს. კომპანიას პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოსგან ერთ ლარად გადაეცა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. კომპანია, ორი წლის რძისა და ხორცის წარმოების დაწყებას უზრუნველყოფს ვადაში და 30 ადამიანს დაასაქმებს; ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ დვაბზუში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზეგანთავსებული შენობა-ნაგებობები 1 ლარად საკუთრებაში გადაეცემა შპს „ასკანგელ ალიანსს." კომპანია გადაცემულ უძრავ ქონებაზე განახორციელებს 175 896 ლარის ინვესტიციას და მინერალური პროდუქტების საწარმოს შექმნის. იგეგმება 25 ადამიანის დასაქმება და წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე გატანა. დაბა ხელვაჩაურში შეიქმნება ასევე სამშენებლო მასალების საწარმო, რისთვისაც კომპანია „თ.ე.მ.ი ქაფბლოკი" სახელმწიფოსგან ერთ ლარად მიიღებს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. გადაცემულ ქონებაზე საწარმოს შესაქმნელად 1 039 344 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 15 ადამიანი დასაქმდება. პროგრამის „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში დასამტკიცებელი პროექტების გარდა, მთავრობამ დაამტკიცა განკარგულების პროექტი, რომელიც შპს ,,აისბერგ ფოთს," საზღვაო კონტეინერების განთავსებისთვის განკუთვნილი სასაწყობე მეურნეობის შექმნის შესაძლებლობას აძლევს. დამატებითი საკონტეინერო ტერმინალის მოწყობა საქართველოზე გამავალი სატრანზიტო ტვირთების რაოდენობის მნიშვნელოვანმა ზრდამ განაპირობა. პროექტისთვის 400 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება.

მთავრობამ ასევე დაამტკიცა განკარგულების პროექტები, რომლებიც ახმეტისა და თუშეთის, ასევე მესტიისა და მულახის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის დოკუმენტაციის შემუშავებას ეხება, რაც ამ ტერიტორიებზე არსებულ დასახლებებს აქამდე არ გააჩნდა. მუნიციპალიტეტები გამოირჩევიან ისტორიულ-გეოგრაფიული მნიშვნელობით, შენარჩუნებული ბუნებრივი ეკოსისტემით, ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტებით, მატერიალური და არამატერიალური ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობით და დაცული ტერიტორიების სისტემით. იქიდან გამომდინარე, რომ ამ რეგიონებს გააჩნიათ მაღალი რეკრეაციული, საკურორტო და ტურისტული პოტენციალი და საერთაშორისო დონის კომპლექსების შექმნის კარგი წინაპირობები, მნიშვნელოვანია არსებობდეს, სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომლის მიხედვით მოხდება სამომავლოდ ამ ტერიტორიების არა ქაოსური, არამედ გეგმაზომიერი განაშენიანება, რაც კიდევ უფრო გაზრდის მათ საინვესტიციო მიმზიდველობას და მეტ შესაძლებლობას შექმნის მხარეების კულტურულ-ისტორიული ღირებულების შესანარჩუნებლად.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელ ფართები საკუთრებაში კიდევ 180 დევნილ ოჯახს, თბილისში, მცხეთასა და გორში, უსასყიდლოდ გადაეცა. 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, მთავრობის განკარგულებით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 11 645-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო.

მთავრობამ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში მეღვინეობის დარგის ხელშეწყობისთვის ახალი რეგულაცია შეიმუშავა. პროექტში განხორციელებული ცვლილების თანახმად, ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოების დაფინანსების მოცულობა 600 000 აშშ დოლარიდან 2 მლნ აშშ დოლარამდე გაიზრდება, რაც დიდი სიმძლავრის ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა/გაფართოებას და საწარმოებისთვის განსაზღვრული ვალდებულებების შედეგად, რთველზე, ფერმერებისაგან მეტი რაოდენობის ყურძნის შეძენას უზრუნველყოფს. ღვინის გადამამუშავებელი საწარმოებისათვის ძირითადი საშუალებების დასაფინანსებლად შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის პირობებით გათვალისწინებულია სესხის მთელი პერიოდის განმავლობაში საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს" მიერ. შედეგად, პროექტის ფარგლებში უკვე შეიქმნა ყურძნის გადამამუშავებელი 20 ახალი და გადაიარაღდა/გაფართოვდა - 39 არსებული საწარმო.

ამასთან, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში გრძელდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შედეგად ცალკეული დარგებში სტანდარტების შემუშავება და მსოფლიოში აპრობირებული ტექნოლოგიების დანერგვა.

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების უწყვეტად მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, მთავრობამ ასევე დაამტკიცა განკარგულების პროექტი, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, მესტიის საავადმყოფოს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის გადაცემას ითვალისწინებს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური