საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2016 წლის სხდომები

2016 წლის 28 ივლისის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-07-28

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 26 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა დადგენილების პროექტები, რომლებიც მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონს უკავშირდება. კანონი, რომელიც რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და  მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის, 1-ლი აგვისტოდან სრულად ამოქმედდება. ცვლილებების მიზანია იმ სირთულეების აღმოფხვრა, რომლებსაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებიან. კანონპროექტის თანახმად, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა მარტივდება; იხსნება ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა, ხოლო რეგისტრაციის პროცედურა წახალისდება. ახალი ინიციატივები უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული.

შემუშავდება საამზომველო ნახაზის ერთიანი სტანდარტი, პროექტში ჩართული ამზომველები სერტიფიცირებას გაივლიან, ვინაიდან აზომვით ნახაზში არსებული უზუსტობა ხშირად ხდება მიწის რეგისტრაციის ხელშემშლელი ფაქტორი.

სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში სპორტული ობიექტების მშენებლობა იწყება. პროექტის ჯამური მოცულობა 65 მლნ აშშ დოლარია. კანადური და სლოვაკური ინვესტიციით, მშენებლობა 2017 წლის ივნისში დასრულდება. მშენებლობაზე 1 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება, ხოლო ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ სპორტულ ობიექტებზე სამუშაო ადგილები გაჩნდება. სპორტული კომპლექსები თბილისსა და რეგიონებში აშენდება.

C ჰეპატიტის პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები წარადგინა სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა. დავით სერგეენკოს ინფორმაციით, გასული წლის აპრილიდან დღემდე, პროექტში 14ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო, 5 ათასზე მეტმა უკვე დაასრულა მკურნალობა და 92 პროცენტი სრულად განიკურნა, რაც ძალიან მაღალი წარმატების პროცენტია.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური