საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის განმარტება ამოსაბეჭდი ვერსია

2017-01-11

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ვარდების მოედანთან" მდებარე ღამის კლუბებში არსებულ კანონდარღვევებზე გაკეთებული განცხადება, რომელსაც არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა, დამატებით განმარტა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ღამის კლუბებში, რომლებიც ძირითადად, ამ ტერიტორიაზეა კონცენტრირებული, ძალიან სამწუხარო რეალობაა.

„მე ვახსენე, რომ ადგილობრივ, ქართული ეროვნების მამაკაცებს არ უშვებენ და რატომღაც მოხდა ინტერპრეტირება, თითქოს მე ვზრუნავ იმაზე, რომ ქართველი მამაკაცები ღამის კლუბებში შეუშვან. არა, მეგობრებო! ძალიან სამწუხაროა, თუ ვინმემ ეს ასე გაიგო. ჩემთვის სამწუხარო არის ის, რომ ამ კლუბებში ადგილი აქვს პროსტიტუციას, მათ შორის ჩვენი არასწრულწლოვანი მოქალაქეების. არც ერთი ქართველი მამაკაცი არ მოითმენს იმას, რაც იქ ხდება და სწორედ ამიტომ არ უშვებენ ქართველ მამაკაცებს ამ კლუბებში. ეს არის ის მწარე რეალობა, რომელიც ჩვენ გვაქვს და ამის წინააღმდეგ ზომების მიღება დავავალე შინაგან საქმეთა სამინისტროს. ასევე, ამ სიტუაციის შესწავლა დავავალე ადამიანის უფლებების საკითხებში ჩემს თანაშემწეს, სოფო ჯაფარიძეს, ვინაიდან, შესაძლოა, ირღვეოდეს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, იმ კუთხით, რომ უშვებენ მდედრობითი სქესის ადამიანებს და არ უშვებენ მამრობითი სქესის ადამიანებს. მათთვის, ვინც არასწორი დასკვნა გამოიტანა, ან სურდა, არასწორი დასკვნა გამოეტანა, ხაზს ვუსვამ, რომ ქართველი მამაკაცების არშეშვება არის პრობლემა მხოლოდ იმ კუთხით, რომ იქ ხდება ქართველი არასრულწლოვანი გოგონების ჩართვა პროსტიტუციაში. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. მეტიც, ეს არის ჩემი, როგორც ამ ქვეყნის შვილის ღირსების შეურაცხყოფა და ამიტომ არის პრობლემატური ამ საკითხის რაც შეიძლება მალე გადაწყვეტა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა აგორდეს ემოციები, მაგრამ კანონმდებლობის დაცვით, უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რომ იმოქმედონ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტებმა და არავითარ შემთხვევაში არ მოხდეს ამ პრობლემების სტიქიურად გადაწყვეტა არ მოხდეს.

„ძალიან კარგად მესმის, რომ ეს არის ძალიან ემოციური საკითხი, მათ შორის ჩემთვისაც, მაგრამ აქ საკითხი ეხება კანონდარღვევას და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის უფლება არავის უნდა ჰქონდეს, მათ შორის არც იმ უცხოელ ინვესტორს, რომელიც იქ ინვესტიციებს ახორციელებს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, იქ ხდება ბევრი კანონდარღვევა - პროსტიტუცია საქართველოში კანონდარღვევაა. განსაკუთრებით მძიმეა, რომ არასრულწლოვნების ჩართვა ხდება პროსტიტუციაში. ამის დასადასტურებლად და ხაზგასასმელად მოვიყვანე ის მაგალითი, რომ უშვებენ მხოლოდ მდედრობითი სქესის ადამიანებს და არ უშვებენ მამრობითი სქესის ადამიანებს, რადგან ქართველი მამაკაცისთვის განსაკუთრებით აუტანელია იმის ყურება, რაც იქ ხდება. ეს არის ეროვნული ღირსების საკითხიც. ჩვენ ეს არ უნდა დავმალოთ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივუშვათ, რომ სტიქიურად, ემოციების აგორებით მოხდეს ამ საკითხის გადაწყვეტა. პირიქით, იმიტომ გამოვიტანე ეს საკითხი საჯაროდ და დავალება მივეცი სახელმწიფო ინსტიტუციებს, რომ მათ გადაწყვიტონ კანონმდებლობის ფარგლებში", - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე განმარტა, რომ უპირველეს ყოვლისა, ამ საკითხის მოგვარება შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა, მაგრამ, ვინაიდან საკითხი საკმაოდ მრავალგანზომილებიანია, მასში პრემიერის თანაშემწე, ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძეც ჩაერთვება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური