საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

შეხვედრა ირანის ელჩთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-01-26

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აბას თალებიფართან.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთობების დღის წესრიგი. ხაზი გაესვა მნიშვნელოვნად გააქტიურებულ თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: ეკონომიკის, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, კულტურისა და განათლების სფეროებში. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე და კმაყოფილებით აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოში ირანელ ვიზიტორთა რაოდენობა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს. ირანის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა აბას თალებიფარს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და უსურვა მას შემდგომი წარმატებები.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური