საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ულოცავს ამოსაბეჭდი ვერსია

2017-03-27

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ულოცავს, - ამის შესახებ პაველ ფილიპმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალზე ისაუბრეს და იმედი გამოთქვეს, რომ ამ პროცესს ხელს შეუწყობს საქართველო-მოლდოვის ბიზნესფორუმისა და ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა, რომელთა გამართვა უახლოეს მომავალში იგეგმება.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მიესალმება მოლდოვის დაინტერესებას, გაიზიაროს საქართველოს მიერ მთელ რიგ სფეროებში წარმატებით განხორციელებული რეფორმების გამოცდილება.

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ქართველი კოლეგა ოფიციალური ვიზიტით მოლდოვაში მიიწვია.

პაველ ფილიპმა საუბრისას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მოლდოვის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური