საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

თუშეთის მიმართულებით ფრენები დაიწყო ამოსაბეჭდი ვერსია

2017-03-31

გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე თუშეთის მიმართულებით განხორციელებულ პირველ რეისს გამოეხმაურა. მთავრობის მეთაურმა, ოპერატიული მოქმედებისთვის, შინაგან საქმეთა, ფინანსთა და რეგიონული განვითარების სამინისტროებს მადლობა გადაუხადა.

„თუშეთის მიმართულებით გუშინ პირველი რეისი შესრულდა. მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა, ფინანსთა და რეგიონული განვითარების სამინისტროებს. წინა მთავრობის სხდომაზე მათ ვთხოვე, რომ კვირაში ერთი ასეთი რეისი დანიშნულიყო. თუშეთი, პრაქტიკულად, ექვსი თვით არის მოწყვეტილი დანარჩენ საქართველოს და ყოველკვირეული რეისის დანიშვნა არის საშური საქმე. ეს ვერტმფრენი მოემსახურება, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მესაზღვრეებს, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას. 17-მა ადამიანმა უკვე ისარგებლა ალვანიდან განხორციელებული პირველი რეისით, რაც მათთვის უდიდესი შვებაა," - განაცხადა პრემიერმა.

საავტომობილო გზის ამოქმედებამდე, შსს-ს ვერტმფრენი თუშეთში, სოფელ ომალოში კვირაში ერთხელ იფრენს და მესაზღვრეებთან ერთად, იქ მცხოვრებ ადამიანებს მოემსახურება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური