საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-03-31

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამა 

მთავრობის სხდომაზე დღეს მინისტრთა კაბინეტი დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმას განიხილავს, რომელიც მიკრო და მცირე საწარმოების მხარდაჭერის, პროფესიული განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების პროგრამებს ითვალისწინებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით, პროგრამა ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ხორციელდება და იგი შესაძლებლობას მისცემს დევნილებს სახელმწიფოს დახმარებით, ერთი მხრივ, მიიღონ პროფესიული განათლება, მეორე მხრივ კი, სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად ან გასაფართოებლად, მიიღონ გრანტები.

„პროგრამა იძულებით გადაადგილებულ პირებს დაეხმარება მიკრო და მცირე მეწარმეობის მიმართულებით. ასევე, მათ მიეცემათ საშუალება, მიიღონ პროფესიული განათლება და დასაქმდნენ. ჩვენ დევნილებს ვეხმარებით არა მხოლოდ საცხოვრებელი ფართით, მათ ასევე ვეხმარებით საარსებო წყაროების მიღებაში და ხელს ვუმართავთ, რათა წამოიწყონ მცირე მეწარმეობა, გადამზადდნენ და დასაქმდნენ ამ მიმართულებით. ძალიან კარგი პროგრამაა და მინდა, მადლობა ვუთხრა ბატონ სოზარ სუბარს ნაყოფიერი მუშაობისთვის," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური