საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-05-31

 

მოგესალმებით ყველას!
მივესალმები თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს და გილოცავთ პროფესიულ დღეს !
მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისთვის. საქმე, რომელსაც თქვენ ემსახურებით, უდიდეს პასუხისმგებლობასთან და მაღალ პროფესიონალიზმთან არის დაკავშირებული და ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც გიწევთ მუშაობა.
ჩვენ არაერთი მაგალითი გვაქვს პოლიციელის პირადი თავგანწირვის. სამწუხაროდ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას არაერთი პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა. ისინი ჩვენი დროის გმირები არიან.
ჩემო მეგობრებო,

მინდა ამ საზეიმო ვითარებაში განსაკუთრებული მადლობა გითხრათ იმ წვლილისათვის, რომელიც თქვენ შეიტანეთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის კუთხით. რომ არა უსაფრთხოება ქვეყანაში და სამაგალითო საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა, შედეგი მიუღწეველი იქნებოდა.
წელს გაფორმდა შეთანხმება საქართველოსა და ევროპოლს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გავხდით ევროკავშირის ნაწილი სამართალდაცვით სფეროში, რაც არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
დღეს ჩვენი მიზანია, გვქონდეს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტები. ჩვენ მაქსიმალურად უნდა მივუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტებს, სადაც თითოეული ადამიანის ინტერესების დაცვას ემსახურება სახელმწიფო და, შესაბამისად, პოლიცია.
ჩვენ ცივილიზებულ ქვეყანას ვაშენებთ და მიგვაჩნია, რომ წესრიგი მიიღწევა დანაშაულის აღკვეთითა და დამნაშავის დასჯით ისე, რომ კანონი იყოს ზედმიწევნით დაცული.
ჩვენი მიზანია, პოლიცია უფრო მეტად დაუახლოვდეს ხალხს, კიდევ უფრო გაღრმავდეს ნდობა, პოლიცია და საზოგადოება მოკავშირეებად და პარტნიორებად იქცნენ.
დანაშაულზე რეაგირებისა და მისი გამოძიების პარალელურად, დიდი აქცენტი გაკეთდება დანაშაულის პრევენციაზე, მისი გამომწვევი მიზეზების შესწავლასა და აღკვეთაზე.

სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ერთობლივი ოპერაციების მაღალტექნოლოგიური ცენტრი. ასეთი ცენტრი მსოფლიოში სულ რამდენიმე განვითარებულ ქვეყანას აქვს და ეს არის დანაშაულის პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის საქმეში ყველაზე თანამედროვე მიდგომა. მე მჯერა, რომ ასეთი რეფორმების განხორციელების შედეგად ჩვენ ძალიან მალე გვექნება ჭეშმარიტად 21-ე საუკუნის პოლიცია, რომლითაც ჩვენ ყველანი ვიამაყებთ.
ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი საქმიანობის მთავარი შემფასებელი ხალხია და არანაირი წოდება და არანაირი პრივილეგია არ არის ხალხის ნდობასა და სიყვარულზე მეტი.
დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პროფესიონალიზმითა და ხალხის ერთგული სამსახურით თქვენს წვლილს შეიტანთ თანამედროვე ქართული ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობაში.
გისურვებთ მშვიდობას და წარმატებებს თქვენს რთულ საქმიანობაში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური