საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

თბილისში თანამედროვე სტანდარტების კიდევ ერთი კლინიკა გაიხსნა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-06-06

 

თბილისს თანამედროვე სტანდარტების კიდევ ერთი სამკურნალო დაწესებულება შეემატა, - აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის მრავალპროფილური, უახლესი აპარატურით აღჭურვილი კლინიკა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს ჯანდაცვის მინისტრთან ერთად გახსნა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰქონდეს აბსოლუტურად თანამედროვე სტანდარტებით გაწყობილი ჰოსპიტალი.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო კერძო სექტორთან ავითარებს დღეს ჯანდაცვის სფეროს, ვინაიდან ამ პარტნიორობამ მოგვცა ის მოდელი, სადაც ყველა ადამიანს აქვს გარანტირებული ჯანდაცვა სახელმწიფოს მხრიდან", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაური მოხარულია, რომ კლინიკა ღვაწლმოსილი და საამაყო ადამიანის - ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელს ატარებს.
„მე წილად მხვდა პატივი, ვყოფილიყავი ერთი მოწვევის პარლამენტის წევრი ამ უდიდეს ადამიანთან ერთად და არასოდეს დამავიწყდება მისი სიბრძნე, გონებამახვილობა, იუმორის გრძნობა და ის განსაკუთრებული სიყვარული ადამიანების მიმართ, რომელიც მას ახასიათებდა. ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ კლინიკაში ვხედავ ადამიანებს, რომლებმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. მინდა, ქედი მოვიხარო თქვენს წინაშე. უპირველეს ყოვლისა, ადამიანები და ადამიანური რესურსი განსაზღვრავს ყოველთვის კლინიკის წარმატებას", - განაცხადა პრემიერმა.

კლინიკის განახლებისთვის 15 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია კომპანია „ავერსი-ფარმამ" ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით განახორციელა.

მთავრობის მეთაური ასევე გაესაუბრა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის თანამშრომლებს, რომლებიც მათთვის შენობის უმოკლეს ვადაში აშენების და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით კლინიკის ტერიტორიაზე აქციას მართავდნენ. პრემიერმა აქციის მონაწილეებს რამდენიმე ადამიანის გამოყოფა სთხოვა, რომლებსაც დღეს შეხვდება და მათთან პრობლემის გადაჭრის გზებს განიხილავს.

„სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ დაბალანსებული გადაწყვეტილება მოძებნოს. ეს ისეთი სფეროა, რომ დღეს არც სახელმწიფოს ცალკე და არც კერძო სექტორს არ შეუძლია ცალკე რამე გააკეთოს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ არც ერთი პროფესიონალის ღვაწლი არ იყოს დაკარგული და ის რესურსი, რომელიც ქვეყანას გააჩნია თანამედროვე ძალიან მაღალპროფესიონალი ექიმების სახით, მაქსიმალურად იყოს გამოყენებული", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური