საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერმა ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-07-06

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ს და ამერიკელ ხალხს მათთვის ყველაზე ძვირფასი დღესასწაული - ამერიკის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. პრემიერმა საზეიმო მიღებაზე მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა აშშ-ის ელჩს საქართველოში იან კელის და ორი ქვეყნის 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებზე ისაუბრა.


გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ამერიკა იყო და არის საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური აღმავლობის ყველაზე ერთგული მხარდამჭერი.
პრემიერის შეფასებით, სწორედ ამ მხარდაჭერის დემონსტრირებაა ახალი ადმინისტრაციის მოსვლიდან ასეთ მოკლე პერიოდში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში, რომელსაც ქართული მხარე მოუთმენლად ელოდება.


გიორგი კვირიკაშვილმა 1997-1998 წლებში, ედმუნდ მასკის სტიპენდიის მეშვეობით აშშ-ის ერთ-ერთ საუკეთესო, ილინოისის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი გაიხსენა. მისი თქმით, ასობით ახალგაზრდას ჰქონდა საშუალება, მონაწილეობა მიეღო ამერიკის საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამებში და არა მხოლოდ ესწავლა აშშ-ში, არამედ კარგად გაეცნო ამერიკა და ეგრძნო ის ფასეულობები, რომლებითაც ამერიკა დღემდე მოვიდა.
"სწორედ ილინოისში სწავლის დროს ვიგრძენი, რას ნიშნავს ამერიკელი ხალხის სითბო, სიკეთე და სწორედ მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს ჩემი ამერიკელი მეგობრებისთვის ეს დღე - დამოუკიდებლობის დღე. სწორედ მაშინ რას ნიშნავს ეს დღე, ზოგადად, მთლიანად მსოფლიო ისტორიისთვის, ვინაიდან ოთხი ივლისი არის დღე, რომელიც თავისუფლებისმოყვარე ერებისთვის იქცა თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ძლიერ სიმბოლოდ. „ამერიკის რევოლუცია იყო დასაწყისი და არა შედეგი", - ასე ბრძანა პრეზიდენტმა ვუდრო უილსონმა დეკლარაციის მიღებიდან 100 წლის შემდეგ. დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმომწერების - თომას ჯეფერსონის, ჯონ ადამსის, ბენჯამინ ფრანკლინისა და სხვების მკაფიო ხედვა, თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპები, რომლებითაც ხელმძღვანელობდნენ ამერიკის დამფუძნებელი მამები, დღესაც ცოცხალია მთელი მსოფლიოსთვის და შთაგონების წყაროა რა თქმა უნდა საქართველოსთვისაც", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


პრემიერმა ასევე გაიხსენა კიდევ ერთი დიდი ამერიკელი პრეზიდენტის, ფრანკლინ რუზველტის დღესაც აქტუალური სიტყვები - „თავისუფლებას, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, არ გიბოძებენ - ის უნდა მოიპოვო" და აღნიშნა, რომ ქართველი ერის მთელი ისტორია თავისუფლებისთვის ბრძოლაა.


"ჩვენ კარგად გაქვს გაცნობიერებული, რომ დღეს ეს ბრძოლა დემოკრატიის დამკვიდრებასა და მისი ღირებულებების ერთგულებაზე გადის. სწორედ ეს ასაზრდოებს ჩვენი ხელისუფლების საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას. თქვენი ნებართვით, მე არ წავალ დღევანდელი პოლიტიკური კონტექსტის განხილვის სიღრმეში. ვფიქრობ, ეს პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ხელისუფლებამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საქართველოს დემოკრატიული წინსვლისთვის. მე მჯერა, რომ თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ღირებულებებია ის, რაც ქმნის ჩვენს ხანგრძლივს ორმხრივ ურთიერთობებს აშშ-თან და მტკიცე საძირკველს, რომელიც ამ ურთიერთობებს გააჩნია. ჩვენ განვიხილავთ აშშ-ს როგორც სტაბილურ გეოპოლიტიკურ მოკავშირესა და უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორს; პარტნიორს, რომელთანაც ჩვენ გვაქვს გლობალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრიორიტეტები, და რომლის მხარდაჭერა დღესაც, ისევე როგორც განვლილი 25 წლის განმავლობაში, უმნიშვნელოვანესია საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის. მინდა, მივმართო ამერიკელ ხალხს: ჩვენ აუცილებლად დაგიბრუნებთ ამ სიკეთეს, დაგიბრუნებთ დემოკრატიული ღირებულებებისადმი ჩვენი უპირობო ერთგულებით", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა ორივე ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცებს, რომლებიც ერთად იცავენ ჩვენთვის ასე ძვირფას თავისუფლებას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური