საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

საზეიმო მიღება ამოსაბეჭდი ვერსია

2017-07-11

1 2

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო და ფრანგ ხალხს ბასტილიის აღების დღე მიულოცა. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის ხელისუფლებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, საფრანგეთის მხარდაჭერა კიდევ უფრო ფასდაუდებელი ხდება მაშინ, როცა საქართველოს წინაშე დგას ბორდერიზაციის პროცესი. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით საერთაშორისო საზოგადოებისა და ცივილიზებული სამყაროს ძალისხმევის მნიშვნელობს.

"წლების განმავლობაში საფრანგეთი იყო და არის ჩვენი სანდო მეგობარი და პარტნიორი. სიხარულით აღვნიშნავ, რომ ჩვენი პარტნიორობა დღითიდღე იზრდება თანამშრომლობის ყველა მიმართულებით, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სამხედრო სფეროების ჩათვლით. ჩვენი მებრძოლები, საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, აძლიერებენ საერთაშორისო უსაფრთხოებას აფრიკის კონტინენტზე. გარდა ამისა, ძალას იკრებს საქართველო-საფრანგეთის თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის სფეროში, მეღვინეობის ჩათვლით, რომლიც დიდებულ ათასწლოვან ტრადიციებს ჩვენი ერები იზიარებენ. ათასობით წლის წინ ქართველებმა საფუძველი ჩაუყარეს მეღვინეობას, ხოლო ფრანგებმა აღმოაჩინეს ამ ღვთაებრივი სასმელის საუკეთესო ნატიფი თვისებები. სიხარულით აღვნიშნავ, რომ 2017 წლის ივლისში ქალაქ ბორდოში საქართველოსა და ქართული ღვინის საპატივცემულოდ გაიხსნება გამოფენა „სტუმარი ვენახი" (The Invited Vineyard). ამ გამოფენას გამოეხმაურა სქართველოს ეროვნული ბანკი და, ამ გამოფენის აღსანიშნავად, გამოუშვა 5-ლარის დენომინაციის საკოლექციო მონეტები, რომელთა მთავარი თემა, ბუნებრივია, ქართული ღვინოა,"-აღნიშნა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ ხაზი გაუსვა ფრანგულ-ქართული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას და საქართველოს მიერ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით განხორციელებულ მიღწევებზე ისაუბრა.

საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ მიღებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დიპლომატები დაესწრნენ.