საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა მფრინავები და მაშველები დააჯილდოვა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-07-11

1 2

ჩვენ ვამაყობთ თითოეული თქვენგანით და საქართველო არის ერთიანი თქვენი უდიდესი გმირობის დაფასებაში, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს, მაშველებსა და მეხანძრეებს, რომლებიც დღეს დაჯილდოვდნენ.

გიორგი კვირიკაშვილმა მაღალი პროფესიონალიზმით ჩატარებული, წარმატებული ურთულესი სამაშველო ოპერაციისთვის ღირსების ორდენები გადასცა სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს - ეკიპაჟის მეთაურს, ბესიკ გაბიანს და ეკიპაჟის წევრებს ბესიკ ბაკურიძეს, შალვა შალიბაშვილსა და დიმიტრი ქააძეს. პრემიერ-მინისტრმა მათ მადლობა გადაუხადა უდიდესი გმირობისთვის, რომელსაც ყოველდღიურ საქმიანობაში ავლენენ.

„სულ რამდენიმე დღის წინ მთელმა ქვეყანამ იხილა თქვენი გმირობა და ყველა სუნთქვაშეკრული უყურებდა იმ მართლაც ძალიან სულისშემძვრელ, მაგრამ ამავე დროს საამაყო კადრებს, როდესაც მფრინავებმა, მაშველებთან ერთად, გადაარჩინეთ ადამიანების სიცოცხლე თქვენი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად. ასევე მთელმა ქვეყანამ ნახა, როდესაც სტიქიური უბედურების, შტორმის, წყალდიდობის თუ ხანძრის დროს, თქვენ, ჩვენმა მაშველებმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეთ და ეს ყველაფერი მოხდა ამ ბოლო მოკლე პერიოდში. ჩვენ ნამდვილად ვამაყობთ თითოეული თქვენგანით და უდიდეს მადლობას გიხდით მთელს ჩვენს საზოგადოებასთან ერთად. ჩვენთვის განსაკუთრებულად ემოციურია, რომ თქვენი დაჯილდოება ხდება თქვენი შვილების, შვილიშვილების თანდასწრებით და მინდა, ვუთხრა თქვენი ოჯახის წევრებს - ჩვენ, მთელი საქართველო ვამაყობთ თქვენი მშობლებით, თქვენი ბაბუებით, პაპებით, რომლებმაც გმირობა გამოიჩინეს და სხვა ადამიანები სიცოცხლე იხსნეს. თითოეული დღე თუ ღამე, რომელსაც თქვენი მშობლები არ ატარებენ თქვენთან ერთად, ოჯახთან ერთად, სწორედაც რომ ეძღვნება ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას და თქვენ ყველანი, ისევე, როგორც ჩვენ, უნდა ამაყობდეთ. ჩვენ ვამაყობთ თქვენი გმირობით, ჩვენო მართლაც სასახელო ადამიანებო",- მიმართა პრემიერმა მაშველებს, მფრინავებსა და მეხანძრეებს.

სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისა და გამოჩენილი მამაცობისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს 23 თანამშრომელი დაჯილდოვდა. სასაზღვრო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და 112-ის 17 თანამშრომელს შინაგან საქმეთა მინისტრმა სამინისტროს მედალი - „მამაცობისთვის", ხოლო ორს - მადლობის სიგელი გადასცა. ღონისძიებას დაჯილდოებულთა ოჯახის წევრები და მათ მიერ გადარჩენილი მოქალაქეები დაესწრნენ.