საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმი ამოსაბეჭდი ვერსია

2017-11-01

   

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი:


თქვენო აღმატებულებავ, პრეზიდენტო კერსტი კალიულაიდ,
ძვირფასო მინისტრებო და პარლამენტის წევრებო,
ძვირფასო სტუმრებო,
ქალბატონებო და ბატონებო,
თქვენი თბილისში ჩამობრძანება ძალიან სასიამოვნოა. ქალბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა პატივსაცემ დელეგაციასთან ერთად საქართველოში ვიზიტისთვის - ეს ხაზს უსვამს ჩვენი ურთიერთობების სიღრმესა და მასშტაბს.
ესტონეთი ყოველთვის იყო საქართველოს დამოუკიდებლობის, განვითარებისა და ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული მხარდამჭერი. თქვენი ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ მხარდაჭერას, რადგან ამჟამად, ესტონეთი ევროკავშირის პრეზიდენტი სახელმწიფოს ფუნქციას ასრულებს და, ამავდროულად, ახლოვდება უმნიშვნელოვანესი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი.
საქართველო სამიტს მომზადებული ხვდება. ჩვენ შთამბეჭდავ პროგრესს მივაღწიეთ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეს ჩვენი ერის თავდადებისა და ჩვენი მეგობრების ურყევი მხარდაჭერის შედეგია - მათ შორის აღსანიშნავია ჩვენი ქვეყნის არა უდიდესი, არამედ უძლიერესი მხარდამჭერი - ესტონეთი. ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩვენი ესტონელი მეგობრების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერასა და თანადგომას, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის მანძილზე საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
დღეს დილით ქალბატონ პრეზიდენტთან ორმხრივი შეხვედრისას, ჩვენ განვიხილეთ იმ სფეროების ფართო სპექტრი, რომელთა ფარგლებშიც წარმატებით ვთანამშრომლობთ, და რაც ყველაზე მთავარია, კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ ჩვენ გაგვაჩნია ერთიანი ხედვა საერთო მომავალთან დაკავშირებით. ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს აქ შეიკრიბნენ წამყვანი ესტონური კომპანიების წარმომადგენლები და მათი ქართველი კოლეგები, რომელთაც აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული აუთვისებელი პოტენციალის გამოყენების და მნიშვნელოვანი ბიზნესშესაძლებლობების შესწავლის სურვილი.
ძვირფასო მეგობრებო,
ესტონეთი ნამდვილად დიდი წარმატების მაგალითია - ის იმედს უნერგავს მრავალ განვითარებად ქვეყანას. სულ რაღაც ოც წელიწადში ეს პატარა სახელმწიფო მწირი რესურსებითა და სავალალო საბჭოთა მემკვიდრეობით იქცა გლობალური დემოკრატიისა და ეკონომიკური ტრანსფორმაციის მოთამაშედ და გლობალურ ლიდერად თავისი ღიაობისა და ინოვაციების წყალობით. თავისი მიზანმიმართულობით, სამუშაო ეთიკითა და სიმტკიცით, ესტონეთმა საყოველთაო პატივისცემა და აღიარება დაიმსახურა, როგორც მისაბაძმა მაგალითმა ბევრი ჩვენგანისთვის. შესაბამისად, გამოვთქვამთ იმედს, რომ შევძლებთ არა მხოლოდ ესტონური ინვესტიციების და ნოუ-ჰაუს მოზიდვას, არამედ მისი ხედვის ადაპტირებასაც.
ისევე, როგორც ესტონეთი, საქართველოც პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა, რომელიც სტრატეგიულად არის განლაგებული ევროპისა და აზიის სავაჭრო გზაჯვარედინზე. 2014 წელს ჩვენ მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ევროპული მიზნისკენ.
ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია თავისუფალი, სამართლიანი, ინკლუზიური და მდგრადი განვითარებისკენ. ჩვენ ვახორციელებთ ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს, რომლებიც კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს დემოკრატიას და ეკონომიკურ ზრდას.
ამჟამად საქართველოს მთავრობა ახორციელებს რეფორმების 4-პუნქტიან გეგმას. ჩვენ, როგორც განვითარების გზაზე მყოფი ეკონომიკის მქონე ქვეყანას, რომელიც ისწრაფვის შემდგომი დივერსიფიკაციისა და ცოდნაზე დაფუძნებული წინსვლისკენ, ეს გეგმა მოგვცემს მნიშვნელოვანი ხარისხობრივი პროგრესის მიღწევის საშუალებას.
ჩვენი გეგმის პრიორიტეტებია ზრდაზე ორიენტირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა, ადამიანური კაპიტალის განვითარებისკენ მიმართული განათლების სისტემა, სივრცითი მოწყობა და ეფექტიანი მმართველობა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურია მსოფლიოში. ქვეყანაში მოქმედებს მიმზიდველი და ბიზნესისთვის ხელსაყრელი მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა:
მსოფლიო ბანკის „ბიზნესის წარმოების სიმარტივის ინდექსის" თანახმად, რომლის ახალი მაჩვენებლები სულ რაღაც გუშინ გამოქვეყნდა, საქართველო მე-9 ადგილზეა მსოფლიოს ქვეყნებს შორის. გასულ წელთან შედარებით, ჩვენი რეიტინგი 7 პუნქტით გაუმჯობესდა.
Frazer Institute-ის გლობალური ეკონომიკური თავისუფლების ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოს მე-8 ადგილზეა მსოფლიოს 159 ქვეყანას შორის.
გადასახადების სიმსუბუქის თვალსაზრისით, საქართველო უკვე არის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა მსოფლიოში - მე-8 ადგილზე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის გადასახადების ჯამური ინდიკატორის თანახმად. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი საგადასახადო სისტემის შემდგომ ლიბერალიზაციას. განვითარებასა და ახალი სამუშაოების შექმნაში ინვესტირების წახალისების მიზნით, ჩვენ ბიზნესებისთვის გავაუქმეთ მოგების გადასახადი გაუნაწილებელ დივიდენდებზე. ამ კუთხით, ჩვენ, ისევ და ისევ, ესტონეთის მაგალითი გავიზიარეთ.
გასული ხუთი წლის მანძილზე საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა ბიზნესისთვის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებების თვალსაზრისით, როგორებიცაა: კორუფციის აღქმის ინდექსი - 38 პოზიციით; საკუთრების უფლების დაცვის მონაცემებით - 74 პოზიციით; სასამართლოს მიუკერძოებლობის თვალსაზრისით - 39 პოზიციით; საბაზრო დომინირების მაჩვენებლის კუთხით - 45 ადგილით; ინვესტიციების საგადასახადო წახალისების ეფექტის თვალსაზრისით - ჩვენი პოზიციები 21 ადგილით გაუმჯობესდა; ხოლო მაკროეკონომიკური გარემოს თვალსაზრისით - 89 ადგილით.
ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს გარდა, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა ასევე წარმოადგენს საქართველოს უპირატესობას კონკურენტუნარიანობის კუთხით. ჩვენი ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის, დაბალი გადასახადებისა და სტრატეგიული მდებარეობის წყალობით, საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონულ ლიდერად.
უცხოელ მეწარმეებს ჩვენ ვთავაზობთ კონკურენტულ გარემოს ბიზნესის გასაფართოებლად და რეგიონში განსავრცობად, რაც შეამცირებს მათ საოპერაციო ხარჯებს. საქართველო ასევე სთავაზობს გასასვლელს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ ცენტრალურ აზიაშიც და შემდეგ ორი მილიარდი მომხმარებლის მქონე აღმოსავლეთის ბაზრებზე. ჩვენ უზრუნველვყოფთ ფიზიკურ წვდომას თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მეშვეობით და ნორმატიულ წვდომას თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების წყალობით. საქართველო არის პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას როგორც ჩინეთთან, ისე ევროკავშირთან. ჩვენ ასევე გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან, თურქეთთან და პრეფერენციული რეჟიმი ამერიკის შეერთებულ შტატებთან, კანადასა და იაპონიასთან. გარდა ამისა, წელს ჩვენ ვგეგმავთ მოლაპარაკებების დაწყებას ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით.
ჩვენ ვავითარებთ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სტრატეგიულ სატრანსპორტო დერეფნებს, მათ შორის ახალ ღრმაწყლოვან პორტს ანაკლიაში, შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც განლაგებულია ჩინეთიდან ევროპისკენ უმოკლესი მარშრუტის გაყოლებაზე და რომელიც იქცევა აბრეშუმის გზის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კარიბჭედ. გარდა ამისა, ამ პროექტის კვალდაკვალ შენდება საგზაო, სარკინიგზო, ოპტიკურ-ბოჭკოვანი და სხვა სახის ინფრასტრუქტურა.
ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის პროექტის ფარგლებში ორი დღის წინ ჩვენ, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან და ყაზახეთისა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრებთან ერთად, გავხსენით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელსაც უკვე მოიხსენებენ, როგორც შუა დერეფანს ჩინეთ-ევროკავშირის სატრანსპორტო რუკაზე.
ესტონური ბიზნესსექტორის ძვირფასო წარმომადგენლებო,
ეს არის კარგი საფუძველი საქმიანობის დასაწყებად. 2015 წელს ესტონეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში ექვსჯერ, ხოლო 2016 წელს 52%-ით გაიზარდა. 2017 წლის პირველ 9 თვეში საქართველო-ესტონეთის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა თითქმის 6%-ით. მართალია, ინვესტიციებისა და ვაჭრობის მოცულობა მცირეა, მაგრამ დინამიკა ნამდვილად იმედისმომცემია და არსებობს ზრდის საკმარისზე მეტი შესაძლებლობა.
გამოვთქვამ იმედს, რომ დღევანდელი ფორუმი იქცა განსაკუთრებულ პლატფორმად საქართველოში არსებული ახალი შესაძლებლობების შესასწავლად და ახალი ბიზნესინიციატივების წამოსაწყებად. ჩვენი მთავრობა მზად არის ჩვენს ქვეყანაში ესტონური ინვესტიციების გაზრდისთვის ყველა აუცილებელი დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. მე გულწრფელად მწამს, რომ ჩვენ შევძლებთ ჩვენი ტრადიციული მეგობრობის გაღრმავებას და მტკიცე ეკონომიკური პარტნიორობის შექმნას ჩვენი ერების საკეთილდღეოდ.
დიდი მადლობა!
მაქვს პატივი, სიტყვა გადავცე ესტონეთის პრეზიდენტს, ქალბატონ კერსტი კალიულაიდს. კიდევ ერთხელ მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და პირადად გადავუხადო მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და განვითარების დღის წესრიგის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

 

ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი:

დიდი მადლობა მოწვევისთვის, პრემიერ-მინისტრო კვირიკაშვილო,
და დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ ფორუმზე დასწრებისა და ჩვენს ქვეყანასთან ერთად ბიზნესის კეთებისადმი ინტერესის გამოხატვისთვის.
პირველ რიგში მსურს მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო აქ დამსწრე ესტონელი ბიზნესმენებისათვის - საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკურმა მოღვაწემ დამარწმუნა, რომ მცირე და საშუალო საწარმოები ამ ქვეყანაში ძალიან დაცულად იგრძნობენ თავს. ეს არის კანონის უზენაესობის, თანაბარი შესაძლებლობების ქვეყანა, რომლის ეკონომიკური პოტენციალის განვითარება სტაბილური და წინასწარ განჭვრეტადი იქნება. ეს არის ქვეყანა, რომელიც ბიზნესსექტორის გაფართოებაზე გამუდმებით ზრუნავს. საქართველოში მიმდინარე პროცესების ხილვა მართლაც შესანიშნავია - ესტონური ბიზნესსექტორი გარემოს მოქნილი ნაწილია, მას აქვს უნარი, სწრაფად გამოჩნდეს იქ, სადაც შესაძლებლობა ჩნდება. გარდა ამისა, ის ეკონომიკის სენსიტიური ელემენტია, რომელსაც არ აქვს დიდ ბიუროკრატიებთან გამკლავების უნარი, არ შეუძლია ითანამშრომლოს ისეთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან და მთავრობასთან, რომლის გაგებაც და წინასწარ განჭვრეტაც რთულია. გასული სამი დღის განმავლობაში ჩვენ დაგვარწმუნეს, რომ საქართველოში ჩვენს ბიზნესმენებს ეს პრობლემა არ შეექმნებათ - საქართველო კანონის უზენაესობისა და სტაბილური ბიზნესგარემოს მქონე ქვეყანაა. ეს მართლაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისათვის.
მოხარული ვარ, რომ აქ ყოფნის საშუალება მომეცა და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მეზობლები არ ვართ, ჩვენს შორის ბიზნესურთიერთობების განვითარება დროს მოითხოვს. გარდა ამისა, სულ რაღაც ათი წელია, რაც ესტონეთი აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, რომ მას აქვს შესაძლებლობა, საკუთარი კომპანიების მიერ გაღებული ხარჯების ოპტიმიზაციაზე იზრუნოს და ინვესტიცია ისეთ ქვეყნებში განახორციელოს, სადაც ჩვენი ტექნოლოგია და თქვენი სახელფასო მაჩვენებლები იდეალურ ბალანსს მოგვცემს, თქვენს პროდუქტიულობას გაზრდის და ამავდროულად, ხელს შეუწყობს ჩვენი კომპანიების ფინანსურ კეთილდღეობას - ეს იმ პირობებში, როდესაც ესტონეთში ხელფასები იზრდება.
საქართველო სწრაფად ხდება ისეთი ქვეყანა, სადაც საშუალო შემოსავლის მაჩვენებლები არც ისე დაბალია - 500 აშშ დოლარი საშუალო სახელფასო მაჩვენებელია და ის არ შეიძლება მცირედ ჩაითვალოს. ჩემი აზრით, იმ კომპანიებმა, რომლებიც ინვესტიციის განხორციელებას ხარჯების ოპტიმიზების მიზნით გეგმავენ, საამისოდ სხვა ქვეყანა უნდა მოძებნონ. თუმცა იმ კომპანიებს, რომელთა ტექნოლოგიური აღჭურვილობა შეიძლება მართლაც დაეხმაროს ამ ქვეყანას ეკონომიკურ განვითარების დაჩქარებაში, ნამდვილად მივესალმებით აქ. მე ვიცი, რომ ასეთი კომპანიების წარმომადგენლებს შორის არიან ის პირებიც, რომლებიც ჩემს ბიზნესდელეგაციაში იმყოფებიან.
ესტონეთში, ჩვენ საკმაოდ საინტერესო საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორი გვყავს, რომლის წყალობითაც ჩვენი მშპ-ს 5% იქმნება და ეს სფერო ეძებს ახალ შესაძლებლობებს სხვა ქვეყნებშიც. ამ მიმართულების წარმომადგენელთა დიდი ნაწილი მიზნად ბიუროკრატიისაგან თავისუფალი საჯარო სექტორის შექმნას ისახავს, თუმცა მათ, რა თქმა უნდა, ამ ტექნოლოგიების დანერგვა კერძო სექტორშიც შეუძლიათ.
საჯარო სექტორისა და მმართველობის ელექტრონული მოდელის (E-Governance) შექმნა-განვითარების მსურველთა შორის არიან ისეთები, რომლებიც ხშირად თანამშრომლობენ ესტონეთის ელექტრონული მმართველობის (Estonian E-Governance Academy) აკადემიასთან, რომელიც, თავის მხრივ, ძალიან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა წევრებთან.
კარგი თანამშრომლობის შესაქმნელად მრავალი შესაძლებლობა არსებობს. გენერალი ტერრასი ყოველთვის მთხოვს აღვნიშნო, რომ შინაარსობრივად ძალიან კარგი, პატარა, ინოვაციური თავდაცვის ინდუსტრია გაგვაჩნია ესტონეთში და დარწმუნებული ვარ, რომ ამ კუთხით ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობა არის შესაძლებელი. მათ შესანიშნავი მიღწევები აქვთ, თუმცა მასშტაბის გაზრდის შესაძლებლობა სჭირდებათ. საქართველო კი ამ პროცესის დასაწყებად კარგი ადგილია - ის ზომით დიდად არ აღემატება ესტონეთს.
თქვენ გააუქმეთ მოგების გადასახადი. მართლაც, განვითარების ეტაპზე, იმ პირობებში, როდესაც ახალი ტექნოლოგიების თქვენს ქვეყანაში სწრაფად შემოსვლა გესაჭიროებათ, რათა თქვენი მოსახლეობის საქმიანობის სწრაფად პროდუქტიულობა გაიზარდოს, ეს ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა. თქვენ ხართ სწორედ იმ ეტაპზე, როდესაც ჩვენ ეს ჩვენი ქვეყნისათვის აუცილებლად მივიჩნიეთ და ვთვლით, რომ ეს ცვლილება ნამდვილად დაგვეხმარა. ჩვენ დავინახეთ ინვესტირებული კაპიტალის მოცულობის ზრდა და თქვენი ქვეყნის მსგავსად, საბიუჯეტო შემოსავლები ამით არ შემცირებულა. თუმცა, ესტონეთში უკვე ვიწყებთ ფიქრს იმაზე, რომ იმ კომპანიების ძირითადი აქტივი, რომლებიც ნამდვილად ინოვაციურ, საინტერესო ტექნოლოგიებს ქმნიან, არამატერიალურია - ეს მათი თანამშრომლებია. აქტივი, რომელიც ადამიანების გონებას გულისხმობს, მაღალ ხელფასს მოითხოვს დანახარჯის სახით, შესაბამისად, დაბალი გადასახადი კაპიტალის ინვესტირების წასახალისებლად, ყოველთვის გამოსავალს არ წარმოადგენს და ერთნაირად ეფექტურად ვერ იმუშავებს ყველა კომპანიასთან მიმართებაში. რიგ შემთხვევებში, კომპანიის ხარჯის 90%-ს სწორედ ხელფასი შეადგენს. შესაბამისად, არის დრო, როცა საჭიროა გადასახადების გზით წახალისდეს მეტად ხელშესახები ინვესტიცია (კაპიტალის ინვესტიცია) და დგება დრო - და ყველა პროგნოზით, ეს დრო საქართველოსთვის ძალიან მალე მოვა, რადგან ტექნოლოგია ძალიან სწრაფად იცვლება 21-ე საუკუნეში - როდესაც უნდა დაიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეიმუშაოთ განსხვავებული მიდგომა, წაახალისოთ მაღალი ხელფასები და როგორი გადასახადები დაუწესოთ არა მხოლოდ კომპანიებს, არამედ ინდივიდებს. ეს, ჩემი აზრით, საქართველოს ეკონომიკასაც მნიშვნელოვნად წაადგება, რადგან ბევრი პროფესია გეოგრაფიულად ნეიტრალურია და მათი შესრულება საქართველოდანაც, ესტონური კომპანიებისთვისაა შესაძლებელი. ესტონელებიც ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ მოიქცნენ, თუ მათი სამუშაო ადგილები ავსტრალიაში, საქართველოში, ახალ ზელანდიაში იქნება. ჩვენ გვჭირდება სოციალური დაცვა, საგადასახადო სისტემა, თუმცა ის, რაც ზემოთ აღვნიშნე, 21-ე საუკუნის გამოწვევებია.
ამ ძალიან პოზიტიურ გზავნილთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ჩვენთვის ცნობილი სოციალური მოდელები, ალბათ, უახლოეს 50 წლის მანძილზე გადაშენდება, მინდა აღვნიშნო, რომ ევროპული ქვეყნები ხშირად ეკითხებიან ესტონეთს - როგორ ფიქრობთ, რა მოხდება? როგორ შეცვლის ტექნოლოგია საზოგადოებას? როგორ შეიცვალა თქვენი ციფრული საზოგადოება? რა არის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი? და რა უნდა ვისწავლოთ თქვენი გაკვეთილიდან?
ეს საინტერესო კითხვაა და მაძლევს უძლიერეს არგუმენტს საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორების სხვა ქვეყნების მხარდასაჭერად და იმის სათქმელად, რომ ეს სახელმწიფოები არასდროს უნდა დავივიწყოთ და მათ არასდროს უნდა თქვან უარი შესაძლებლობებზე იმაზე მეტად, ვიდრე ჩვენ ვამბობთ მათზე უარს - კერძოდ, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყნები ჩვენ დახმარებას გვიწევდნენ, ისინი არც კი ფიქრობდნენ იმაზე, რომ ქმნიდნენ ტექნოლოგიების გამოსაცდელ შესანიშნავ ადგილს. თუმცა ეს ასე მოხდა - მათ არაფერი კონკრეტული არ გაუკეთებიათ ამგვარი „ლაბორატორიის" შესაქმნელად, თუმცა ჩვენ ეს ჩვენით და ჩვენთვის გავაკეთეთ. გარდა ამისა, ყოველთვის ვფიქრობ ჩემთვის - ვინ იცის, რომ მომდევნო ასეთი ადგილი აღმოსავლეთ პარტნიორობის რომელიმე წევრი არ არის? თქვენ ამ გზაზე ხართ და კონკურენციას აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნები გიწევენ, თუმცა დიდი ტექნოლოგიების შემდეგი „ლაბორატორია" სწორედ ამ რეგიონში შეიძლება იყოს განლაგებული.

წარმატებას გისურვებთ!
დიდი მადლობა!