საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

შეხვედრა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-11-16

1  2

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ალოუსიო ნუნეს ფერეირას შეხვდა.

პრემიერმა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების იმედი გამოთქვა.

შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო ეკონომიკურ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ ბრაზილია ლათინური ამერიკის რეგიონში საქართველოს უმსხვილეს პარტნიორს წარმოადგენს და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომ განვითარებას ხელს შეუწყობს საქართველო-ბრაზილიის ბიზნესფორუმიც, რომლის გამართვაც მომავალი წლის გაზაფხულზე თბილისში იგეგმება.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმება, რომელსაც დღეს ხელი საგარეო საქმეთა სამინისტროში მოეწერა.

პრემიერ-მინისტრმა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებზე, ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე - თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე, რომელიც საქართველოს აქვს, როგორც რეგიონის ქვეყნებთან, ისე - ევროკავშირსა და ჩინეთთან. მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა ისტორიული აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოს როლს. ბრაზილიის მხარე საქართველოს წარმატებული რეფორმების გამოცდილების გაზიარებით დაინტერესდა.

საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობას.

ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა, რისთვისაც მას პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური