2017 წლის 21 ივლისის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-07-21

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 37 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მთავრობის განკარგულებით, მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას  37 სოფელი დაემატა და მომავალი წლიდან შესაბამისი სოციალური შეღავათებით კიდევ 7 ათასამდე მოსახლე ისარგებლებს, მათ შორის, პედაგოგები, ექიმები, პენსიონერები და სოციალურად დაუცველები. ასევე, მთელი რიგი გადასახადებისგან გათავისუფლდებიან კომპანიები. დღეის მდგომარეობით, საქართველოს 3700 დასახლებიდან, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი დაახლოებით ნახევარს აქვს მინიჭებული.

აგვისტოდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა იწყება, რომელიც ქუთაისის აეროპორტს ერთდროულად 6 რეისის მომსახურების საშუალებას მისცემს. წლის დასაწყისიდან, მგზავრთა ნაკადი 92%-ით არის გაზრდილი, რაც ერთი მხრივ - ვიზალიბერალიზაციის, ხოლო, მეორეს მხრივ ტურიზმის მიმართულებით ძალისხმევის მნიშვნელოვანი შედეგია.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია ენიჭება ლიკანის პარკს. ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიაში გადაყვანით კიდევ უფრო მყარდება პარკის სტატუსი, რაც ასევე მნიშვნელოვანია ლიკან-ბორჯომის ეკონომიკური განვითარებისა და იქ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია დაწესდება, - მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა ცვლილებათა პროექტი სახელმწიფო ჯილდოების შესახებ კანონში, რომელიც ლიტერატურის დარგში პროზის, პოეზიის და პუბლიცისტიკის უმნიშვნელოვანესი, ეროვნული აღიარების მქონე ნაწარმოებების ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიაზე წარდგენის შესაძლებლობას იძლევა.

ასევე გაიყოფა შოთა რუსთაველის სახელობისა და ეროვნული პრემიები.

კანონპროექტში ასევე გათვალისწინებულია ეროვნული გმირის ორდენზე ფულადი ჯილდოს ოდენობის გაზრდა.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური