საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სუამ-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას ამოსაბეჭდი ვერსია

2018-02-17

-----

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 21 ივნისს სუამ-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა - მოლდოვა უმასპინძლებს, - სუამ-ის წევრი ქვეყნების პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე, კიშინიოვში, ქართველი კოლეგა მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა პაველ ფილიპმა დღეს პირადად მიიწვია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სახელით დაადასტურა მოლდოვას თავმჯდომარეობის პერიოდში აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა, რათა ხელი შეეწყოს სუამ-ის ფარგლებში პროექტების განვითარებას.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივ ურთიერთობებზე, ევროპული ინტეგრაციის პროცესზე და რეფორმებზე, რომელსაც ორი ქვეყანა ახორციელებს. ხაზი გაესვა საქართველოსა და მოლდოვას საერთო, დასავლურ საგარეო-პოლიტიკურ მისწრაფებებს და როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებულ თანამშრომლობას.
საუბრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და მოლდოვას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივაზე. ამ კონტექსტში, აღინიშნა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის საქმიანობის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობა.
პრემიერ-მინისტრების შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური