საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა აშშ-ში ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურე მოინახულა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-05-21

ვაშინგტონში, "ვოლტერ რიდის" ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, ქართველი ლეიტენანტი ივერი ბუაძე მკურნალობს, რომელიც გასული წლის სექტემბერში, ავღანეთში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში დაიჭრა.
თავდაპირველად მას გერმანიაში მკურნალობდნენ, ახლა კი რეაბილიტაციის კურსი აშშ-ში უტარდება.

ვამაყობ, რომ გვყავს ასეთი მამაცი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მოკავშირეებთან ერთად იცავენ გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ჩვენ მათთან ვალში ვართ და არასოდეს დავივიწყებთ მათ მიერ გაღებულ მსხვერპლს, რომელიც, მჯერა, უშედეგოდ არ ჩაივლის.
უზარმაზარი ენერგია და სტიმული მომცა ივერის სიტყვებმა, რომელიც მან დღეს კლინიკაში მითხრა:

"ეს ჩემი ვალია, მე ჩემი ქვეყნისთვის სიცოცხლესაც დაუფიქრებლად გავიღებ, თუ საჭირო გახდება. მიხარია, რომ შემიძლია, რაღაც გავაკეთო ჩვენი ქვეყნისთვის. ერთ-ერთი, რაც საქართველოს მსოფლიოში წარმოაჩენს, ჩვენი შეიარაღებული ძალებია და ამას ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგები ყოველთვის აღნიშნავენ. მჯერა, ჩვენი სურვილი - ნატოში და ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანება, მალე რეალობად იქცევა"...

სრულად ვეთანხმები - ქართული ჯარი ჩვენი ქვეყნის ყველაზე საამაყო ინსტიტუტია. მადლობა სამსახურისთვის! ჩვენ ისევ შევხვდებით, თბილისში...

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური