საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

პრემიერი ნიკოსეული სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო ამოსაბეჭდი ვერსია

2018-06-27

   2

სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკო დადიანის სასახლე პირვანდელ იერსახეს იბრუნებს, - უნიკალური არქიტექტურის მქონე შენობაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ადგილზე გაეცნო. 

კაპიტალურად გამაგრდა სასახლის კონსტრუქციული სეგმენტები; შენობა მოპირკეთდა ავთენტური წყობისა და ფორმის ძველი ქართული აგურით. მოეწყო სავენტილაციო, კონდიცირებისა და გათბობის თანამედროვე კომუნიკაციები; სასახლეში სრულად რესტავრირდა ავთენტური კარ-ფანჯარა. ნიკოსეული სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულება 2 მლნ ლარია, სექტემბერში დასრულდება.

პრემიერ-მინისტრი დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის კომპლექსში შემავალ სხვა ობიექტებზეც, მათ შორის მთავრისეულ ტაძარში, სასახლესთან არსებულ ბოტანიკურ დეკორატიულ ბაღში და მუზეუმში იმყოფებოდა, რომელიც დადიანის ძველ ნივთთა საცავ-საგანძურისა და სამეგრელოს ეკლესია-მონასტრებიდან გადმოტანილ ქართულ სიძველეთა ბაზაზე დაარსდა.

პრემიერი ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის მიმდინარეობითაც დაინტერესდა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ფონდი „ქართუს" დაფინანსებით მიმდინარეობს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური