საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - ლიეტუვის სეიმის რეზოლუცია იმის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნები საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას არასოდეს შეეგუებიან ამოსაბეჭდი ვერსია

2018-06-29

----

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეგობრისა და მხარდამჭერის ლიეტუვის სეიმს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებისთვის მადლობას უხდის.

ლიეტუვის სეიმის მიერ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის მეათე წლისთავთან დაკავშირებით ერთხმად მიღებულ რეზოლუციას მამუკა ბახტაძე დღევანდელ ბრიფინგზე გამოეხმაურა.

პრემიერის შეფასებით, ეს არის იმის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება, რომ საერთაშორისო საზოგადოება და ჩვენი მეგობარი ქვეყნები საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას არასოდეს შეეგუებიან.

„მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ლიეტუვის სეიმს ამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ლიეტუვის სეიმის რეზოლუციაში დაფიქსირებულია მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ხაზგასმულია, რომ რუსეთს კვლავაც არ შეუსრულებია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები. რეზოლუცია აღნიშნავს, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საჭიროა, რუსეთმა გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან და აღდგეს საქართველოს იურისდიქცია აღნიშნულ რეგიონებში, განხორციელდეს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო დაბრუნება და უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებათა პატივისცემა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური