საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი - მინისტრობის კანდიდატების წარდგენა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-07-12

დილა მშვიდობის!

როგორც გუშინ დაგპირდით, დღეს წარმოგიდგენთ სამთავრობო გუნდის ახალ წევრებს.

მინდა, შეგახსენოთ, რომ მცირე მთავრობის კონცეფციის მიხედვით ჩვენ ახალ სტრუქტურაში იქნება 10 მინისტრი და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტს დაიკავებს ბატონი მიხეილ ბატიაშვილი.

იგი ძალიან ცნობილი ფიგურაა ჩვენს პროფესიულ წრეებში. მისი მუშაობის გამოცდილება უკავშირდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დაარსებას. წლების განმავლობაში იგი გახლავთ ჰარვარდის ბიზნეს სკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის წევრი და აქვს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებთან.

ჩვენი მთავარი ამოცანა განათლების სისტემაში და იმ რეფორმაში რასაც ჩვენ ვგეგმავთ, არის 5-დონიანი რეფორმის განხორციელება, რომელიც გულისხმობს: სკოლამდელი განათლების, სასკოლო განათლების, პროფესიული განათლების, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციას, ინოვაციური განათლების სისტემების დანერგვას და რაც მთავარია - განათლებასა და ეკონომიკას შორის მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფას.

დარწმუნებული ვარ, მიხეილ ბატიაშვილი ჩვენი მხარდაჭერით შეძლებს ამ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას განათლების მიმართულებით.

ფინანსთა მინისტრის პოსტს დაიკავებს ივანე მაჭავარიანი.

ვანო მაჭავარიანი წლების განმავლობაში მუშაობდა Telia Sonera-ს ჯგუფში შემავალ კომპანია „ჯეოსელში". ის გახლდათ ამ კომპანიაში ფინანსური და კომერციული დირექტორი.

ჩვენი რეფორმების დიდი ნაწილი დაკავშირებულია ციფრულ ეკონომიკასთან, ჩემს მიერ წარდგენილი რეფორმათა პაკეტის დაახლოებით 50% საჭიროებს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. ვანო მაჭავარიანის გამოცდილება, ამ კუთხით, არის მართლაც თვალსაჩინო. ის საქართველოში გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ადამიანი ამ მიმართულებით.

შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ იგი მაქსიმალურად დაგვეხმარება ~ეკონომიკის ციფრულ ტრანსფორმაციაში. მინდა შეგახსენოთ, ჩვენი პროგნოზის მიხედვით, დაახლოებით, 1-დან 1,5%-მდე ზრდა უნდა უზრუნველყოს, სწორედ, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვამ. შესაბამისად, ეს გახლავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს დაიკავებს ბატონი გიორგი ქობულია.

გოგა გახლავთ ჩვენი ემიგრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. ის, ფაქტიურად, ორი ათწლეულია მუშაობს გლობალურ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია - McKinsey-ში. იგი გახლავთ ამ ორგანიზაციის Senior Partner.

მინდა, ყველას შევახსენო, რომ McKinsey-ის სახელთან ასოცირდება მე-20 და 21-ე საუკუნის ტექნოლოგიური გარღვევების, მათ შორის მმართველობითი სისტემის დახვეწის ძალიან დიდი ნაწილი. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ბევრ სექტორში, როგორიც არის ენერგეტიკა, ეკონომიკის სხვდასხვა სექტორის ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში, კონკურენტუნარიანობის ამაღლება, შრომის ბაზარი და ბევრი სხვა. დარწმუნებული ვარ, ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს იმ რეფორმების ეფექტურად განხორციელებაში, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ და შეტანილია ჩვენს სამთავრობო პროგრამაში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე რჩება ბატონი დავით ზალკალიანი. სამწუხაროდ, ის ვერ ესწრება დღევანდელ ბრიფინგს. ბრიუსელში მიმდინარეობს ისტორიული მნიშვნელობის სამიტი, სადაც ჩვენი დიპლომატები ძალიან აქტიურად მუშაობენ და მინდა, დათოსაც წარმატება ვუსურვო პროფესიულ საქმიანობაში.

და ბოლოს, მინდა წარმოგიდგინოთ მთავრობის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი კახა კახიშვილი.

შეიძლება, გადაუჭარბებლად ითქვას, რომ კახა ჩვენი მინისტრთა კაბინეტის ყველაზე წარმატებული მინისტრი გახლდათ. ის არის ადამიანი, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმები გაატარა ერთ-ერთ ყველაზე რთულ მიმართულებაში, მაგრამ წარმატება და წარმატებული რეფორმები ერთ სექტორში არ არის საკმარისი. ჩვენ გვსურს წარმატებული და ფუნდამენტური რეფორმების გატარება ყველა მიმართულებით. მთავრობის ადმინისტრაციას რეფორმების კოორდინაციის საქმეში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, შესაბამისად, კახა დაიკავებს სწორედ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ადგილს და ჩემთან ერთად ამ პოზიციიდან შეძლებს, კოორდინაცია გაუწიოს ჩვენს მიერ დაანონსებული ყველა რეფორმის დროულად დანერგვას.

მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროგრამის მიხედვით, ყველა რეფორმა დაინერგება 2018-2019 წლებში. რა თქმა უნდა, განათლების რეფორმა განსაკუთრებული შემთხვევაა და ის გრძელვადიანია, მაგრამ ყველა სხვა რეფორმა, რომელიც ინიცირებულია ჩვენს მიერ და ის ახალი რეფორმები, რომლებსაც შემოდგომაზე გავაჟღერებთ, დაინერგება 2018-2019 წლებში. ამ რეფორმების კოორდინაციას და დანერგვას სჭირდება სისტემური მენეჯმენტი, ეფექტური კადრებით დაკომპლექტებული ეფექტური სამთავრობო რგოლები. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მთავრობის ადმინისტრაციას აქვს განსაკუთრებული ფუნქცია და დარწმუნებული ვარ, კახა ამ ფუნქციას ღირსეულად შეასრულებს.

დარწმუნებული ვარ, ეს არის გუნდი, რომელიც დამსახურებულად მოიპოვებს პარლამენტის ნდობას, იქნება ქვეყნისა და ხალხის ინტერესების გამტარებელი და დაამკვიდრებს თანამედროვე მართვის მაღალ სტანდარტს ქვეყანაში, რომელიც იქნება ნაკლებად ბიუროკრატიული, ეფექტიანი, მოქნილი და თანამედროვე, მცირე მთავრობის კონცეფციაზე მორგებული.

აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მინისტრთა კაბინეტის ყოფილ წევრებს გაწეული სამსახურისთვის. თითოეულმა მათგანმა ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია. ისინი არიან ჩვენი გუნდის განუყოფელი ნაწილი, ჩვენი გუნდის წევრები და დარწმუნებული ვარ, თავიანთ ახალ როლში შეძლებენ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური