საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებთან“ ამოსაბეჭდი ვერსია

2018-07-13

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებს" შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ფრაქციის წევრებს სიტყვით მიმართა და ყურადღება იმ პრინციპებზე გაამახვილა, რომელსაც ახალი სამთავრობო პროგრამა ეფუძნება.

„პირველი, ეს გახლავთ - ჩვენი ერის ისტორიული არჩევანის ბოლომდე მიყვანა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია. ამ მიმართულებით, „ქართულ ოცნებას" მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს, რომელსაც სჭირდება განმტკიცება. მეორე - ეს გახლავთ ძირეული და ინოვაციური რეფორმების გატარება. თქვენ იცით ჩემი პოზიცია,რომ ეკონომიკური მოდელი, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო არ უზრუნველყოფს ქვეყანაში ინკლუზიურ ზრდას. მასში არის ისეთი სექტორები სადაც არ იყო სამართლიანი თამაშის წესები და შეიქმნა მნიშვნელოვანი ბარიერები ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის. ჩვენ ამას აუცილებლად აღმოვფხვრით, ახალ სტიმულს მივცემთ საქართველოში ინკლუზიური ზრდის მიღებას. მესამე - ეს გახლავთ მცირე მთავრობის კონცეფცია. მისი მთავარი მიზანია დაანონსებული რეფორმები გავატაროთ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში, მმართველობითი აპარატი გავხადოთ უფრო ეფექტური და შედეგებზე ორიენტირებული. ამასთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ უფრო შევამცირეთ სამინისტროების რაოდენობა - დღეს წარმოდგენილნი ვართ 10 მინისტრით და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატით. ამასთან, აღნიშნული რეფორმა გულისხმობს ინსტიტუციური კონტროლის გაძლიერებას სახელმწიფო უწყებებზე, მათ შორის ანტიკორუფციული მიმართულებით. მეოთხე პრინციპი, რომელიც გახლავთ ჩემი ცხოვრების და, შეიძლება ითქვას, პოლიტიკური მოღვაწეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი - ეს არის განათლება, ახალგაზრდობა და ინოვაცია, ვინაიდან მე მწამს, რომ განათლებული, მოტივირებული და შესაბამისი სამეწარმეო სულისკვეთებით აღსავსე მოქალაქეები შეძლებენ ისეთი საქართველოს ჩამოყალიბებას, რომელიც იქნება ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეებისთვის, რომ ჩვენ ერთად ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო. და ბოლოს, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი პრიორიტეტი იყო, არის და იქნება ადამიანი და მასზე ზრუნვა. თითოეული რეფორმა მორგებული იქნება სწორედ ადამიანის კეთილდღეობის ზრდაზე, იმაზე, რომ ჩვენი სტანდარტი - დემოკრატიის ხარისხის, ადამიანის უფლებების დაცვის იყოს ყოველთვის ძალიან მაღალი და შეესაბამებოდეს იმ წარსულს და მომავალს რაც აქვს ქართველ ერს," - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერის განცხადებით, წარმოდგენილი პროგრამა და მასში დაფიქსირებული ინიციატივების უმეტესობა, აგრეთვე რეფორმების უდიდესი ნაწილი მიმდინარე წელს, ნაწილი კი 2019 წლის განმავლობაში უნდა დაინერგოს.

„ბუნებრივია, ეს არ ეხება განათლების სექტორის რეფორმას, ვინაიდან ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა და განათლება სწორედ ის სფეროა, სადაც აუცილებელია გრძელვადიანი მოქმედების გეგმა. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ ახალი რეფორმებით შევქმნათ ისეთი ეკონომიკური მოდელი, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავუმკლავდეთ მთავარ ეკონომიკურ გამოწვევას საქართველოში - ეს არის სიღარიბის შემცირება, ეს გახლავთ ჭარბვალიანობა და რაც მთავარია - სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრება ჩვენს ეროვნულ ეკონომიკაში," - განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, ახალი სამთავრობო პროგრამა კონკრეტულ შედეგებზეა ორიენტირებული და მას კონკრეტული გრაფიკი აქვს, რომელიც მკაცრად იქნება დაცული.

„გუნდი, რომელიც მე წარმოვადგინე დაკომპლექტებულია შესაბამისი პროფესიების და გამოცდილების ადამიანებით, რომლებმაც თავიანთ წინა კარიერაში, ან პოზიციებზე აჩვენეს ის შედეგი, რომელიც გვაძლევს ჩვენ იმის თქმის საფუძველს, რომ ეს გუნდი გაართმევს თავს ჩემს მიერ აღნიშნულ გამოწვევებს. აგრეთვე, იმ რეფორმათა პაკეტის იმპლემენტაციას, რომელიც არის წარმოდგენილი. მე მზად ვარ, რომ ამ რეფორმების და ინიციატივების დანერგვაზე ავიღო შესაბამისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა," - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

აგრეთვე, სიტყვით მიმართვისას პრემიერმა აღნიშნა, რომ ახალი რეფორმებისა და ინიციატივების ეფექტურობა ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავების მიმართულებით გასული სამი კვირის განმავლობაშიც დემონსტრირდა, რასთან დაკავშირებითაც მთავრობის მეთაურმა კონკრეტული მაგალითი მოიყვანა.

„სამი კვირის განმავლობაში მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გავაკეთეთ ამის დემონსტრირება. ამის მაგალითი გახლავთ ის, რომ მთავრობის სხდომაზე ჩვენ ინიცირება გავუკეთეთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას, რომლის თანახმადაც, 2013 წლის პირველ იანვრამდე ის საგადასახადო დავალიანება, რომელიც დაერიცხა 30 000-ზე მეტ კომპანიას და ამის გამო იძულებულნი გახდნენ შეეჩერებინათ საქმიანობა, მათ ჩამოეწერებათ სრულად, ამ დავალიანების დიდი ნაწილი 2011-2012 წლებში წარმოიქმნა, როდესაც კომპანიებს არაობიექტურად და სხვადასხვა ადმინისტრაციული ბერკეტის გამოყენებით დაარიცხეს აღნიშული დავალიანება, რამაც საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის კიდევ უფრო შემცირება გამოიწვია," - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლის შემდეგ ფრაქციის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.