საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - ჩვენ სოფლის მეურნეობაში ექსპორტი გავზარდეთ 30%-ით, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ დარგს აქვს პოტენციალი, რომ იქ დასაქმებულმა ადამიანებმა მიიღონ მეტი შემოსავალი ამოსაბეჭდი ვერსია

2018-07-13

მამუკა ბახტაძე - ჩვენ სოფლის მეურნეობაში ექსპორტი გავზარდეთ 30%-ით, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ დარგს აქვს პოტენციალი, რომ იქ დასაქმებულმა ადამიანებმა მიიღონ მეტი შემოსავალი

ჩვენ სოფლის მეურნეობაში ექსპორტი გავზარდეთ 30%-ით, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ დარგს აქვს პოტენციალი, რომ იქ დასაქმებულმა ადამიანებმა მიიღონ მეტი შემოსავალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას განაცხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული ყველაზე მეტი ადამიანი, ხოლო პროპორციულად, სოფლის მეურნეობის წილი ძალიან მცირეა, რაც არის სიღარიბის წყარო.
"რა თქმა უნდა, 43%-იანი დასაქმება სოფლის მეურნეობაში იმ პირობებში, როდესაც ეს სინამდვილეში ნატურალური მეურნეობაა, წარმოუდგენელია. ჩემი პასუხიც ყოველთვის ეს იყო - ჩვენ სოფლის მეურნეობა კი არ გვაქვს, რომ გვქონდეს, უფრო მარტივად იქნებოდა საქმე. ჩვენ გვაქვს სამწუხაროდ ნატურალური მეურნეობა, სადაც არანაირი საბაზრო ეკონომიკის პრინციპი არ მუშაობს. იმ სექტორში, რასაც ჩვენ სოფლის მეურნეობას ვეძახით, ხალხია დასაქმებული, რომელსაც მოჰყავს მოსავალი იმისთვის,რომ თვითონ მიიღოს მოსავალი. ეს არ არის სოფლის მეურნეობა, ეს არის ნატურალური მეურნეობა. შესაბამისად, ეს დარგი გადასაყვანია სოფლის მეურნეობაზე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა მცირე მთავრობის კონცეფციაზე, რომელზე მუშაობის დაწყებიდან დღემდე 140 მილიონი ლარი დაიზოგა.
მამუკა ბახტაძის თქმით, მთავრობის გეგმის შესაბამისად, 2019-2020 წლებში ხარჯები უნდა დაიწიოს 3,9%-ზე მშპ-თან მიმართებაში, რაც 200-დან 250 მილიონ ლარამდე გამოათავისუფლებს.
"ასევე ვგეგმავთ საგადასახადო შეღავათებს. ერთი რეფორმა უკვე წარმოვადგინე, შემოდდგომაზე კიდევ წარმოვადგენთ სექტორულად. ეს, ბუნებრივია, არის ჩვენი პროგრამის ნაწილი", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მამუკა ბახტაძემ, უმცირესობის დეპუტატების კითხვებს მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად უპასუხა.