საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

ევროკომისიის დირექტორატის წარმომადგენლების შეფასებით, საქართველო ლიდერი რეფორმატორია ამოსაბეჭდი ვერსია

2018-07-17

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე არსებული მიღწევები, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესი და საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების საკითხები იყო საუბრის მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილის, კატარინა მატერნოვას შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. 
შეხვედრისას ხაზი გაესვა იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესში მიაღწია. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა, ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის მიზნით, გამოიყენოს თანამშრომლობის ყველა არსებული მექანიზმი. 

მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგი დაეფუძნება საგზაო რუკას, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულ მიმართულებებსა და ძირითად პრიორიტეტებს და ამგვარად უზრუნველყოფს ევროინტეგრაციის პროცესის მეტ სისტემურობას, თანმიმდევრულობას, პროგნოზირებადობასა და გამჭვირვალობას. 

შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სექტორული დიალოგის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრის ფარგლებში განსახილველ საკითხებს. 
ევროკომისიის დირექტორატის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველო არის ლიდერი რეფორმატორი ქვეყანა რეგიონში, რასაც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მიერ პრაქტიკულად ყველა მიმართულებით მიღწეული პროგრესიც ადასტურებს.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური