საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - მაშინ, როდესაც პარლამენტში გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჩვენი დემოკრატიისთვის იქნება უკეთესი, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე ამოსაბეჭდი ვერსია

2018-07-26

„ქართული ოცნების" ფილოსოფია გახლავთ სწორედ ის, რომ ჩვენ საქართველოში უნდა შევქმნათ ნამდვილი ევროპული საპარლამენტო დემოკრატია და საპარლამენტო რესპუბლიკა; აქედან გამომდინარე, გარდა სუფთა პარტიული ინტერესისა, არსებობს მეორე ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი - მაშინ, როდესაც პარლამენტში გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჩვენი დემოკრატიისთვის იქნება უკეთესი, რომ „ქართულ ოცნებას" არ ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების მიერ აღნიშნულ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას" აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში და ადგილობრივი არჩევნების შედეგად ფაქტობრივად ყველა ადგილობრივ თვითმმართველობაშიც აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა.

„რა თქმა უნდა, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ამოცანაა, ნებისმიერ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და განახორციელოს მაქსიმალური რესურსის ინვესტირება, რომ მიიღოს კარგი შედეგი. გარწმუნებთ, ჩვენ არაერთი კანდიდატი გვყავს, ამაზე ბიძინა ივანიშვილმაც ისაუბრა, ვისაც შეუძლია უპრობლემოდ, ყოველგვარი მნიშვნელოვანი გამოწვევების გარეშე, ძალიან ღირსეული შედეგი მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებზე. მაგრამ მეორეს მხრივ, „ქართული ოცნების" ფილოსოფია გახლავთ სწორედ ის, რომ ჩვენ საქართველოში უნდა შევქმნათ ნამდვილი ევროპული საპარლამენტო დემოკრატია და საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც დღეს ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა. აქედან გამომდინარე, არსებობს მეორე ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი გარდა სუფთა პარტიული ინტერესისა, რომ ამ შემთხვევაში, როდესაც პარლამენტში გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჩვენი დემოკრატიისთვის იქნება უკეთესი, რომ „ქართულ ოცნებას" არ ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე. ორივე ამ არგუმენტს აქვს ძალიან სერიოზული წონა. ერთი დაკავშირებულია იმასთან, რომ რა თქმა უნდა, ყველა პარტია უნდა აქტიურობდეს არჩევნებზე, მაგრამ მეორეს მხრივ, „ქართული ოცნების" ფილოსოფია სწორედ ეს გახლავთ - საპარლამენტო დემოკრატია, საპარლამენტო რესპუბლიკა. აქედან გამომდინარეა სწორედ ეს კონსულტაციები და მიმდინარეობს ძალიან შინაარსობრივი მსჯელობა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, უახლოეს დღეებში ჩვენ შეჯერებულ საბოლოო პოზიციას საზოგადოებას ვაცნობებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური