საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძემ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი შეაფასა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-09-06

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ტარო კონოს ვიზიტი შეაფასა.

როგორც მთავრობის მეთაურმა დღეს, მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მოხდა უმნიშვნელოვანესი საკითხის ინიცირება იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კონსულტაციების დაწყებასთან დაკავშირებით.  გარდა ამისა, წლის ბოლომდე გაფორმდება ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის ინვესტიციებთან დაკავშირებით, რაც საშუალებას იძლევა, რომ უფრო მეტი მაღალტექნოლოგიური ინვესტიციის მოზიდვა მოხდეს საქართველოში.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პირველად სტუმრობდა ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ, - ჩვენ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან.  ჩვენი მიზანია, რომ საქართველო იყოს მაქსიმალურად ეფექტურად ინტეგრირებული საერთაშორისო ვაჭრობაში და გლობალურ ეკონომიკაში. იაპონია გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბაზარი თანამედროვე მსოფლიოში".

პრემიერ-მინისტრმა იაპონიის მთავრობას აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის დაფინანსებისთვის მადლობა გადაუხადა.

„343 მილიონი დოლარის დაფინანსება მოხმარდება ამ ისტორიული მნიშვნელობის პროექტს. საინჟინრო თვალსაზრისით უღელტეხილის მონაკვეთი გახლავთ ყველაზე უფრო კომპლექსური და რთული. აქედან გამომდინარე, იაპონური ტექნოლოგიების გამოყენება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პროექტი დასრულდეს ვადაში და მაღალი ხარისხით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური