საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - აშშ-თან ეკონომიკური თანამშრომლობა შეიძლება იქცეს ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ ერთ ქვაკუთხედად ამოსაბეჭდი ვერსია

2018-09-11

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს გვიჭერს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან და ყოველი მომდევნო ადმინისტრაციის პირობებში ჩვენი ურთიერთობები სულ უფრო მაღალ დონეს აღწევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მომავალშიც გაგრძელდება.

„ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ თანამშრომლობის აქამდე არნახულ დონეს მივაღწიეთ, მაგალითად, უსაფრთხოების სფეროში. რეგიონში ძლიერი პარტნიორის ყოლა შედის ამერიკის ეროვნულ ინტერესებში. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა ასევე გვაქვს ხარვეზები, მაგალითად, ეკონომიკაში. ამერიკასთან ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა, სამწუხაროდ, არ არის სათანადო დონეზე. ჩვენ გვჭირდება მეტი ამერიკული კომპანია საქართველოში. ეკონომიკური თანამშრომლობის დაბალი დონე საზიანოა. ჩვენ ასევე გვჭირდება მეტი ჩართულობა სხვა სექტორებშიც. ჩვენ ვცდილობთ საქართველოს გარდაქმნას რეგიონის ბიზნეს, ეკონომიკურ და ტურისტულ ცენტრად. კერძო სექტორში ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, პირდაპირი რეისების არარსებობა, მაგალითად, ძალიან ართულებს ბიზნესის წარმართვას. ჩვენ გვჭირდება უფრო ყოვლისმომცველი ეკონომიკური ურთიერთობები. ჩვენ გვაქვს სანიმუშო თანამშრომლობა პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროებში, მაგრამ ასევე გვჭირდება ეკონომიკური ურთიერთობების გაღვივება. პირველი იანვრიდან ძალაში შედის საგადასახადო შეღავათები ამერიკელი და საერთაშორისო კომპანიებისთვის, რომლებიც გეგმავენ საქართველოში ბიზნესის წარმართვას. ჩვენ ვცდილობთ აშშ-თან ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებას და ეკონომიკური თანამშრომლობა შეიძლება იქცეს ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ ერთ ქვაკუთხედად", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური