საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - მე ანგარიშვალდებული ვარ ამომრჩევლის, „ქართული ოცნების“ და საზოგადოების წინაშე, დანარჩენი კი უბრალოდ პოლიტიკური სპეკულაციებია ამოსაბეჭდი ვერსია

2018-09-11

ჩვენ მივყვებით სწორ გზას ევროპული დემოკრატიისკენ;  „ქართული ოცნების" პოლიტიკური მსოფლმხედველობა გულისხმობს საქართველოს გარდაქმნას ევროპულ, საპარლამენტო დემოკრატიად, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე დასმულ კითხვას, რამდენად სახიფათოა ქართული დემოკრატიისთვის ის, რომ მმართველი პარტიის დამფუძნებელი შეძლებული ადამიანია.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების" დამფუძნებელი და ლიდერია.

„ჩვენ გავიმარჯვეთ 2012 წლის არჩევნებში. საუკეთესო პასუხი ასეთია - ეს უზარმაზარი ცვლილება მკაფიოდ აისახა საერთაშორისო რეიტინგებში - დაფიქსირებულია გაუმჯობესება ყველა მიმართულებით, იქნება ეს მედიაპლურალიზმი, ადამიანის უფლებათა დაცვა, კერძო საკუთრების უფლების დაცვა თუ გამჭვირვალობა. შეგახსენებთ, რომ საჯარო ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით, საქართველო მე-5 ადგილზეა მსოფლიოში. ბევრი კვლევის თანახმად, საქართველო იმავე ლიგაშია, რომელშიც მაგალითად, ჰოლანდია, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი. ასე რომ, ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიღწევები. ჩვენ მივყვებით სწორ გზას ევროპული დემოკრატიისკენ. გარდა ამისა, „ქართული ოცნების" პოლიტიკური მსოფლმხედველობა გულისხმობს საქართველოს გარდაქმნას ევროპულ დემოკრატიად, საპარლამენტო დემოკრატიად. ეს იყო დიდი ცვლილება, ისტორიული მნიშვნელობის ცვლილება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Financial Time-ის მთავარი რედაქტორის ედვარდ ლუსის კითხვაზე, არის თუ არა ანგარიშვალდებული ბიძინა ივანიშვილის წინაშე, პრემიერმა უპასუხა, რომ იგი ანგარიშვალდებულია ამომრჩევლის, „ქართული ოცნების" და საზოგადოების წინაშე, დანარჩენი კი უბრალოდ პოლიტიკური სპეკულაციებია.

„ვიმეორებ, საუკეთესო პასუხი ასახულია სტატისტიკასა და რიცხვებში, ჩვენს წინსვლაში სხვადასხვა რეიტინგში. მართალია, ეს შედარება არ ემსახურება დემოკრატიის საუკეთესო ინტერესებს. მართალია, 2012 წლის შემდეგ მიღწეულია უდიდესი პროგრესი, მაგრამ ჩვენ მომავალში უნდა ვიყუროთ, ვეძებოთ მეტი ჩართულობა, მოვახდინოთ ხელისუფლების, ოპოზიციის, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების და სხვათა ძალისხმევის კონსოლიდაცია, რათა დავძლიოთ არსებული გამოწვევები. კონსოლიდაცია და ჩართულობა უალტერნატივოა. ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და საქართველო ყველასგან გამორჩეული ქვეყანაა რეგიონში. მეორეს მხრივ, გვაქვს გამოწვევებიც - ჩვენ უნდა შევამციროთ და აღმოვფხვრათ სიღარიბე, რათა გავზარდოთ ეკონომიკის მდგრადობის დონე. მართალია, რუსეთი ძალ-ღონეს არ იშურებს, მაგრამ ჩემ მიერ ხსენებული კონკრეტული მიზეზების გამო, ის წარმატებას ვერ მიაღწევს. აქ საუბარია ღირებულებებზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ პროაქტიურები და ჩვენ ვართ კიდეც პროაქტიურნი. ჩვენ დიდი მიღწევები გვაქვს დემოკრატიის მშენებლობის კუთხით, მაგრამ ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობა, ხოლო ამ ორი ფაქტორის კომბინაცია აქცევს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირის სრულუფლებიან წევრად. ამაში ეჭვი არ მეპარება", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური