საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, როგორ გავხადოთ უფრო მყარი და მტკიცე აშშ-თან ორმხრივი ურთიერთობები ამოსაბეჭდი ვერსია

2018-09-28

მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სწორედ საქართველო არის ის საკითხი, რომელზეც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში აბსოლუტურად ყველა დონეზე კონსენსუსი არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე გამოსვლის შემდეგ, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

პრემიერმა აშშ-ში ვიზიტი წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ თეთრი სახლის, საკანონმდებლო ორგანოს, სახელმწიფო დეპარტამენტის და საექსპერტო საზოგადოების მხრიდან საქართველოს აქვს მაქსიმალური მხარდაჭერა რეფორმების გატარების მიმართულებით და იმ მისწრაფებებში, რომ საქართველო გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყანა. 

"ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, როგორ უნდა გავხადოთ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო მტკიცე და მყარი. ეს ეხება ძირითადად ორ განზომილებას - ეს გახლავთ თანამშრომლობა უსაფრთხოების მიმართულებით და მეორე - ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა, სადაც დავიწყეთ დიალოგი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და აშშ-ს შორის და მოვისმინეთ ძალიან სერიოზული მხარდამჭერი სიტყვები ამ იდეასთან დაკავშირებით", - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური