საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჰესენის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-10-09

---

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰესენის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრ ფოლკერ ბუფიეს შეხვდა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობის დიდ მნიშვნელობას, რაც გამოფენის სტუმრებს ქვეყნის ლიტერატურისა და კულტურის ახლოს გაცნობის საშუალებას აძლევს.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის პატივია, იყოს საპატიო სტუმარი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, რომელიც ყოველწლიურად თავს უყრის მწერლებს, ავტორებს, გამომცემლებსა და ლიტერატურის მოყვარულ ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველო-გერმანიის ურთიერთობებზე, რომელიც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო აქტიური გახდა, ასევე - საქართველოს რეგიონულ როლზე.

მამუკა ბახტაძემ გერმანელ მეგობრებს საქართველოს მხარდაჭერისა და ღონისძიების ორგანიზებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთ მასშტაბურ ღონისძიებაზე ღირსეულად წარდგომა ხელს შეუწყობს საქართველოში საგამომცემლო სექტორისა და წიგნის ინდუსტრიის განვითარებას, ასევე მსოფლიოში ქართული ლიტერატურის მიმართ ინტერესის გაზრდას და ამ სფეროში დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, თბილისის მერი კახა კალაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრნენ.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური