საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2018 წლის სხდომები

2018 წლის 26 ივნისის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-06-26

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტების პაკეტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", რომელიც შესაბამისობაშია „მცირე მთავრობის" კონცეფციასთან.

საქართველოს მთავრობის ახალ სტრუქტურაში 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება. კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება, ხოლო მის ფუნქციები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე: დევნილთათვის განსახლების ფუნქცია გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა გადაეცემა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. გარდა ამისა, რელიგიის სააგენტო შეერწყმება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს;  ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

მთავრობამ ასევე დაამტკიცა დადგენილება „ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სიის - „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" დამტკიცებისა და საქართველოს მთავრობის მიერ გასატარებელი შესაბამისი ღონისძიებების თაობაზე"  საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი

საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის თანახმად, მომზადდა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომლის დანართის შესაბამისად, განისაზღვრა ე.წ. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია" და ასევე განისაზღვრა ყველა ის ღონისძიება, რომელიც უნდა გატარდეს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მიერ ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" შეყვანილ პირთა მიმართ ყველა შესაძლო შეზღუდვის, მათ შორის, სავიზო, ქონებრივი და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დასაწესებლად და სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად. აღნიშნული დადგენილებით, ასევე განისაზღვრა დადგენილების აღსრულებაზე შესაბამისი პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები, რომლებიც პერიოდულად წარუდგენენ ანგარიშს დადგენილების აღსრულების თაობაზე, როგორც საქართველოს პარლამენტს, ასევე საქართველოს მთავრობას.

აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ დადგენილების პროექტის დანართით წარმოდგენილი ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია არ არის ამომწურავი, ვინაიდან შესაბამისი სამართალდამცავი უწყებები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ საგამოძიებო მოქმედებებს და აღნიშნული სია მომავალში შესაძლოა კიდევ უფრო გაფართოვდეს და ამ დადგენილების მიღების შემდეგ, პერიოდულად მასში განხორციელდეს ცვლილებები.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სიის - „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" დამტკიცებისა და საქართველოს მთავრობის მიერ გასატარებელი შესაბამისი ღონისძიებების თაობაზე". სია 33 ადამიანისგან შედგება, რომლებიც ბრალდებულნი ან მსჯავრდებულნი არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში.

დადგენილების აღსრულებაზე პასუხისმგებელ უწყებებად განისაზღვრა  საქართველოს იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები, რომლებიც დადგენილების აღსრულების მდგომარეობის თაობაზე საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას ანგარიშს რეგულარულად წარუდგენენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური