საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - საქართველო აუცილებლად დაიმკვიდრებს ადგილს მსოფლიო რუკაზე, როგორც ყველაზე წარმატებული სამთო-სათხილამურო კურორტების მქონე ქვეყანა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-01-19

  ...

საქართველო აუცილებლად დაიმკვიდრებს ადგილს მსოფლიო რუკაზე, როგორც ყველაზე წარმატებული სამთო-სათხილამურო კურორტების მქონე ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კობი-გუდაურის ახალი საბაგირო გზის გახსნისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა უნიკალური პროექტის განხორციელება მიულოცა ტურისტებს, ასევე კობის, გუდაურისა და ყაზბეგის მოსახლეობას და აღნიშნა, რომ სწორედ მათ ესმით ყველაზე კარგად ამ გზის პოტენციალი და შესაძლებლობები.

"ბოლო 6 წლის განმავლობაში გუდაურში ტურისტების რაოდენობა 500 პროცენტით გაიზარდა. ეს ძალიან დიდი წარმატებაა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ გვსურს, საქართველოში სამთო-სათხილამურო კურორტები იყოს მსოფლიოში საუკეთესო. გუდაური წლევანდელ სეზონს  შეხვდა ძალიან ბევრი სიახლით, მაგრამ ეს პროექტი მართლაც უნიკალურია. მისი რეალიზაციის შედეგად ჩვენ შევძლებთ კობის, გუდაურის და სტეფანწმინდის ერთ კლასტერად განვითარებას. შვეიცარიისა და ავსტრიის საუკეთესო კურორტებმა სწორედ აღნიშნული სტრატეგიის რეალიზაციის მეშვეობით შეძლეს საუკეთესო შედეგების მიღწევა და დარწმუნებული ვარ, ჩვენც მივუახლოვდებით ჩვენი ევროპელი მეგობრების დონეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, წამყვან ევროპულ კომპანია "პომას", ასევე ყველა ინჟინერსა თუ ტექნიკოსს, რომლებმაც მოკლე ვადებში, რთულ კლიმატურ პირობებში შეძლეს აღნიშნული პროექტის რეალიზაცია.

"ტურისტული პოტენციალის ზრდასთან ერთად, ეს პროექტი დაგვეხმარება, რომ გავუმკლავდეთ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას, რომელიც გვაქვს ყოველ ზამთარს, როდესაც კობი-გუდაურის საავტომობილო გზა იკეტება. დღეიდან, თითოეული მოქალაქე შეძლებს, დიდთოვლობის ან ზვავსაშიშროების დროს ისარგებლოს აღნიშნული საბაგიროთი და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ეს პრობლემა სისტემურად გადაწყდება, როდესაც 2023 წელს დავასრულებთ 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობას, მაგრამ ამ წლების განმავლობაში ეს პროექტი დაგვეხმარება, გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას. მინდა, ყველას მივულოცო ამ პროექტის რეალიზაცია და მწამს, საქართველო აუცილებლად დაიმკვიდრებს ადგილს მსოფლიო რუკაზე, როგორც ყველაზე წარმატებული სამთო-სათხილამურო კურორტების მქონე ქვეყანა", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ახლად გახსნილი საბაგიროთი ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიასთან, მრჩეველთან რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბართან, რეგიონის გუბერნატორ შალვა კერესელიძესთან და საბაგიროს მშენებლობაში ჩართული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად იმგზავრა.

7.5 კმ სიგრძის კობი-გუდაურის საბაგირო გზა, რომლის მშენებლობაში 81 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა, გუდაურის საბაგიროების ერთიან სისტემაში ერთიანდება და მისი გამტარუნარიანობა საათში 2 800 მგზავრია.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური