საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე დავოსში პოლონელ კოლეგას შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-01-24

---

საქართველოსა და პოლონეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრაზე, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

მამუკა ბახტაძემ და მატეუშ მორავიეცკიმ ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის მოქმედი  პარტნიორობის ფორმატის "თბილისის ფორუმის" ფარგლებში თანამშრომლობის მაღალ დონეს და აღნიშნეს, რომ მიღწეული შედეგები იძლევა საშუალებას, ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები ახალ დონეზე გადავიდეს.

ყურადღება გამახვილდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.

მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პოლონელ კოლეგას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური