საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა კლინიკა „ჯერარსი“ გახსნა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-04-04

---

დღეს ჩვენ ვხსნით ობიექტს, რომელშიც ინვესტირებულია 40 მილიონ ლარზე მეტი, ეს არის ნათელი დასტური იმისა, რომ ინვესტორებს სწამთ საქართველოში ეკონომიკური ზრდის და იმ პოლიტიკის, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კლინიკა „ჯერარსის" გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მეორე მაღალი სტანდარტის მრავალპროფილიანი კლინიკა იხსნება, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ხელისუფლება ჯანდაცვის მიმართულებით სწორ და შედეგებზე ორიენტირებულ პოლიტიკას  აწარმოებს.

„ადამიანი და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი პრიორიტეტი. სწორედ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის შემოღებამ გამოიწვია ის, რომ ეს სფერო საინვესტიციო თვალსაზრისით საინტერესო გახდა. მიხარია, რომ თბილისში და საქართველოს რეგიონებში კერძო სექტორი  მსგავს კლინიკებს ავითარებს. ამასთან ერთად ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენ გვაქვს პოტენციალი, ჩამოვყალიბდეთ რეგიონულ ცენტრად სამედიცინო სერვისების მიწოდების თვალსაზრისით. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა, მათთვის მაღალი ჯანმრთელობის დაცვის სერვისების მიწოდება. მომავალ წლებში პრიორიტეტი იქნება ის, რომ საქართველომ შეძლოს, მეტი სერვისი მიაწოდოს ჩამოსულ უცხოელ სტუმრებს. მომდევნო წლების განმავლობაში საქართველოში უნდა შევქმნათ პოტენციალი, რომ სამედიცინო სერვისების ექსპორტის თვალსაზრისით ნახევარ მილიარდიანი ახალი სექტორი შეიქმნას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კლინიკა „ჯერარსი" დაპროექტებულია გამოცდილი ქართველი სპეციალისტებისა და ისრაელიდან მოწვეული ექსპერტების  მიერ. შენობა-ნაგებობა აშენებულია 12000 კვ.მ. ფართობზე და დაგეგმარებულია უსაფრთხოების და ეკოლოგიის ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით. კლინიკაში განთავსებულია 10 საოპერაციო, 2 კათეტერიზაციის ლაბორატორია და 208 საწოლი პაციენტებისთვის.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური