საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - საქართველო სწრაფად და ეფექტურად პროგრესირებს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც საქართველო გახდება ნატოს სრულფასოვანი წევრი ამოსაბეჭდი ვერსია

2019-04-04

საქართველო სწრაფად და ეფექტურად პროგრესირებს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც საქართველო გახდება ნატოს სრულფასოვანი წევრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ნატოს დაარსებიდან 70 წელი ალიანსის ყველა წევრ და მეგობარ ქვეყანას მიულოცა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ნატო ყოველთვის იყო, არის და მომავალშიც დარჩება გლობალური უსაფრთხოების, მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფისა და სტაბილურობის განვითარების გარანტად. პრემიერ-მინისტრის თქმით, ნატოში გაწევრიანება არის საქართველოს საერთაშორისო პრიორიტეტი და მისწრაფება, რომელიც ქართველი ხალხის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანია.

„ნატოს საიუბილეო მინისტერიალი ვაშინგტონში მიმდინარეობს. იმის ფონზე, რომ აღნიშნულ მინისტერიალში მონაწილეობენ მხოლოდ ალიანსის წევრი ქვეყნები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მისი მონაწილეა საქართველოც. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იმყოფება ვიზიტით ვაშინგტონში. ამ დღეებში, ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი, მხარდამჭერი გზავნილები საქართველოს მისამართით. მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ნატოს გენერალურ მდივანს, იმ ძალიან ძლიერი მხარდამჭერი განცხადებებისთვის, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ვაშინგტონში მისი მხრიდან. ამავე დროს, მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა წარმომადგენლობით პალატაში, პოლიტიკოსების და ექსპერტების მხრიდანაც", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, კონგრესმენებისა და მომხსენებლების მხრიდან გამოიხატა საქართველოსადმი აშშ-ის ძლიერი მხარდაჭერა; ხაზი გაესვა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას, საქართველოს უმნიშვნელოვანეს წვლილს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში და ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატოს მინისტერიალის ერთ-ერთი საკითხი შავი ზღვის უსაფრთხოებაც არის და შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაში ჩვენს ქვეყანას აქვს უნიკალური და განსაკუთრებული როლი", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური