საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ადამიანის უფლებების საბჭოს ეფექტური ფუნქციონირების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილეს ამოსაბეჭდი ვერსია

2019-04-08

...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ადამიანის უფლებების საბჭოს რეფორმირების პროცესის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა იყო ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული რეალობა და გამოწვევები. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს ადამიანის უფლებების საბჭოს ეფექტური ფუნქციონირების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო თავისი ხედვა საბჭოს სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით. შეხვედრისას ასევე იმსჯელეს ადამიანის უფლებების საბჭოს მომავალი სხდომის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე. შედგა შეთანხმება, რომ საბჭოს მომავალი სხდომა აპრილის ბოლომდე გაიმართება.

ადამიანის უფლებების საბჭო 2014 წელს შეიქმნა და მის მთავარ ამოცანას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მთავრობის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება წარმოადგენს. ამასთან, საბჭო ახორციელებს ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესის კოორდინაციას და მონიტორინგს. საბჭოს  ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, ხოლო მის მუშაობაში სახელმწიფო უწყებების გარდა ჩართული არიან საქართველოს სახალხო დამცველი, საკანონმდებლო და სასამართლოს ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური