საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი სტრასბურგში დიასპორის წარმომადგენლებსა და საკვირაო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-04-10

---

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში იმყოფებოდა, სადაც დიასპორის წარმომადგენლებს და სტრასბურგის საკვირაო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. 

მთავრობის მეთაური მათ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის განათლების მიმართულებით დაგეგმილ მასშტაბურ ინიციატივაზე ესაუბრა, რომლის თანახმად, სექტორის დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-მდე გაიზრდება, რაც ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს. 

პრემიერ-მინისტრმა დიასპორის წარმომადგენლებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ისახავს მიზნად და განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა მათ სამშობლოში დაბრუნების ყველანაირი პირობა შეუქმნას. 

საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა პრემიერს მცირე კულტურული პროგრამა წარუდგინეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, სტრასბურგის საკვირაო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას 100-მდე მოსწავლე ეუფლება. პედაგოგები, რომელთა შორის ქართული დიასპორის წარმომადგენლები არიან, განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის სსექმნილი ქართული ენის სწავლების ინტეგრირებული პროგრამითა და სახელმძღვანელოებით ასწავლიან, რომლებსაც სკოლებს სახელმწიფო უსასყიდლოდ გადასცემს. 

საკვირაო სკოლა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის შენობაში ფუნქციონირებს, რომელიც სახელმწიფომ ცოტა ხნის წინ შეისყიდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური